გიორგი ბაჩიაშვილის ცემის საქმე: უფლებადამცველები ორგანიზებულ ძალადობასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობენ
ციხეში გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს იურისტები ორგანიზებულ დანაშაულად აფასებენ. "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, წარმოადგინოს მტიცებულებები, რომელიც დაადასტურებს, რომ მომხდარში მისი ბრალეულობა არ არის. უფლებადამცველის თქმით, თუ "ოცნების" ხელისუფლება მსგავსის წარმოდგენას ვერ შეძლებს, ეს ნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი სწორედ მათზე გადადის.
წამების კარძალვის უფლება მტკიცების ტვირთს სახელმწიფოს აკისრებს და ადგენს, რომ მაშინ, როდესაც პირი პატიმრობაში იმყოფებოდა და შესაბამისად, ის სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ იყო, თუ მან ამ პირობებში მიიღო დაზიანებები, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს სანდო მტკიცებულებები, რომ ეს დაზიანებები არ ყოფილა მისი ბრალით. სხვა შემთხვევაში, უკვე მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე გადადის და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დრომდე სახელმწიფომ საპირისპირო ვერ დაამტკიცა და ძალიან მაღალია ის ეჭვები და ვარაუდები, რომ სწორედ წინასწარ ორგანიზებული და ოორდინირებული ძალადობის მსხვერპი გახდა გიორგი ბაჩიაშვილი, - ამბობს "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რათა ბაჩიაშვილის უფლებები დაეცვა, თუმცა ეს არ გააკეთა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დაწესებულებამ მომხდარი უგულებელყო ან გულგრილობა გამოიჩინა, აჩენს ეჭვს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელზე თავდასხმა ორგანიზებული იყო.
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, ლოჯისტიკური შესაძლებლობები იმისთვის, რომ დაეცვა ამ ადამიანის უსაფრთხოება, მათ შორის, კამერებით, რომელიც დამონტაჟებული იყო როგორც კამერაში, ასევე დერეფანში, რომლითაც უზრუნველყოფილი იყო 24 საათიან რეჟიმში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა. შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის თავის არიდება ან ამ გარემოებების უგულებელყოფა ან გულგრილობის გამოჩენა, აჩენს ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია, ეს პროცესი არ იყო იზოლირებული ან შემთხვევითი და იყო ორგანიზებული. თავად იმ უწყების მიერ ჩატარებული გამოძიება, რომელმაც არ დაიცვა ამ ადამიანის უსაფრთხოება, იმთავითვე ვერ იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი, - ამბობს უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი.
"ნოდარ მელაძის შაბათმა" გიორგი ბაჩიაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა. პირი, ვინც 40 წლის ბიზნესმენს საკანში თავს დაესხა და სასტიკად გაუსწორდა, 28 წლის კახი მეტრეველია. ირკვევა, რომ კაცი, რომელიც ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს გაუსწორდა, უკვე 10 წელია სასჯელს, სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდის. ის, მთელი ამ დროის მანძილზე, ქსნის ციხეში ჰყავდათ მოთავსებული, თუმცა ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე მოულოდნელად ციხე შეუცვალეს.
შაბათის ეთერის გამოძიება ვრცლად ნახეთ აქ.