რატომ არ შეაჩერა ბადრაგმა ბაჩიაშვილზე მოძალადე და როგორ აღმოჩნდა ქსნის ციხის პატიმარი ბიზნესმენის საკანში - ადვოკატები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

21.07.25 13:43
რატომ არ შეაჩერა ბადრაგმა ბაჩიაშვილზე მოძალადე და როგორ აღმოჩნდა ქსნის ციხის პატიმარი ბიზნესმენის საკანში - ადვოკატები კითხვებზე პასუხებს ითხოვენ

იუსტიციის სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ ამბობს, გამოჰკითხა თუ არა გლდანის ციხის ცვლის უფროსი, რომელიც გულგრილობაში ჯერ გიორგი ბაჩიაშვილმა ამხილა, შემდეგ კი სინდისის პატიმარმა რეზო კიკნაძემ.

არჩილ ბათხაძე "პირველების" სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ეს ის კაცია, რომელმაც საკუთარი თვალით დაინახა, როგორ ძალადობდა ბაჩიაშვილზე კახი მეტრეველი, მაგრამ მოძალადე არ შეაჩერა.

ნაცემი და ნაწამები პატიმრის ადვოკატები ახლა 
სახალხო დამცველს მიმართავენ. ითხოვენ, ომბუდსმენი აპარატმა მოიპოვოს გლდანის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც ასახავს ბაჩიაშვილზე თავდასხმას და ძალადობას.

პარალელურად, იურისტები მოითხოვონ, იუსტიციის სამინისტრომ უპასუხოს შეკითხვას - როგორ აღმოჩნდა ქსნის ციხის პატიმარი კახი მეტრეველი გლდანის საპატიმროში, ბიზნესმენის საკანში.

შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ის ასახხავს ორკესტრირებულ ქმედებას იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე მომხდარიყო თავდასხმა და მას ფიზიკურად გასწოებოდნენ, ის, რაც მოხდა 11 და 12 ივლისს. ამიტომ, იმ გარემოებების დადგენა, სად იხდიდა სასჯელს აღნიშნული პიროვნება, იყო მუდმივად განთავსებული ნახევრად ღია თუ დახურულ დაწესებულებაში, რა საფუძვლით, როდის და საიდან გადმოიყვანეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს მივმართავთ სახალხო დამცველს იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ამ სიტუაციას.

ამავდროულად, თქვენ იცით, რომ პარასკევს გიორგი ბაჩიაშვილის გამოკითხვა მოხდა.მან ძალიან დეტალური ჩვენება მისცა გამომძიებელს. ჩვენ დღეს დაველოდებით პროკურატურას დაზარალებულის სტატუსის მინიჭება რომ მოხდეს მისთვის, თუ აპირებენ, თუ არადა, ხვალ შესაბამისი განცხადებით მივმართავთ პროკურატურას, - ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი.

გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ცვლის უფროსი 11 ივლისს, როცა მას საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ, თავდამსხმელის მითითებას დაემორჩილა და სისხლიან ანგარიშსწორებაში არ ჩარეულა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ეს ადამიანი არჩილ ბათხაძეა, რომელმაც ბაჩიაშვილის თქმით, ცემის პროცესში საკნის სარკმელი შეაღო და თავდამსხმელის ბრძანებით მაშინვე დახურა.