"ამ ქალაქში სიმშვიდეა" - ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

21.07.25 15:11
"ამ ქალაქში სიმშვიდეა" - ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

 

 

ბათუმის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე, გოჩა ვანაძე ირწმუნება, რომ "ქალაქში სიმშვიდეა" - ეს მაშინ, როცა გავრცელებული ნფორმაციით, გუშინ ღამით, ბათუმში, შეიარაღებული თავდასხმის ობიექტი გახდა დერქან ბაშირი. 

თამაზ ბაკურაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაშირს შავი ფერის ავტომობილიდან, სავარაუდოდ, თურქი კრიმინალური ჯგუფის წევრებმა ხუთჯერ ესროლეს. 

"ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე - გახსნეს თუ არა გუშინდელი შეიარაღებული თავდასხმის საქმე, სამართალდამცველი ამბობს, რომ "მუშაობენ".

ასევე 18 ივლისს ბათუმში, მსხვერპლით დასრულდა სისხლიანი ანგარიშსწორება რესტორან "გრილშიც" - თურქეთის მოქალაქეს 5 ტყვია ესროლეს. 

ზუსტად იგივე რესტორანში  თურქ მოქალაქეებს შორის სისხლიანი  გარჩევა იყო დაახლოებით ერთი წლის წინაც. მაშინ ადგილზე ოთხი ადამიანის ცხედარი ნახეს.

არასრულ ორ წელში, ბათუმში შვიდი მკვლელობა მოხდა - "პირველები" დაინტერესდა, რას აკეთებს ამ დროს შსს - პოლიციის განყოფილების უფროსი კი ამ კითხვაზე საპასუხოდ ამბობს, რომ "ქალაქში სიმშვიდეა".

"ვმუშაობთ, მიმდინარეობს გამოძიება. ძალიან მშვიდად, ძალიან თავისუფლად ამ ქალაქშია არის სიმშვიდე. ახლა ინციდენტი მოხდა, მაგაზე ვმუშაობთ, გამოძიებაც მიმდინარეობს". - ამბობს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე. 

ამ წუთებში, ბათუმის სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პროცესი მიმდინარეობს, სადაც პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა. სწორედ სასამართლოსთან მოახერხა "ტვ პირველმა" პოლიციელ გოჩა ვანაძისთვის კითხვების დასმა.

შეგახსნებეთ, რომ 18 ივლისს რესტორან "გრილში" მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მეორე დილას, "პირველები" კითვების დასასამელად პოლიციის მე-6 განყოფილებაში მივიდა, თუმცა ადგილზე პოლიციელებს ეძინათ.