სოციალური პროგრამა თუ პარტიული აქტივის ფიქტიურ დასაქმება? - რაში იხარჯება 100 მლნ ლარი?
რაში იყენებს სახელმწიფო დასაქმების პროგრამას „ქართული ოცნება“? -„ფლანგვის დეტექტორი“ აქვეყნებს კვლევას, სადაც ასახულია, როგორ იხარჯება პროგრამისთვის გათვალისწინებული მილიონები და როგორ ბადებს არსებული პრაქტიკა ეჭვს პროგრამის მიზნებსა და გამჭვირვალობაზე.
კვლევის მიხედვით, 2022 წელს დაწყებული ინიციატივა, რომლის ოფიციალური მიზანი იყო სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შრომით ბაზარზე ინტეგრაცია, რეალურად, არ ემსახურება არც სიღარიბის შემცირებას, არც საზოგადოებისთვის რეალური სარგებლის შექმნას.
ბენეფიციარები ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და საარსებო შემწეობას, ხოლო პარალელურად, მცირე ანაზღაურებით, თვეში მაქსიმუმ 300 ლარად, საქმდებიან ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე. რიგ შემთხვევებში ეს პოზიციები ან ფიქტიურად გამოიყურება, ან კი აშკარად არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს.
მაგალითად, მესტიაში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 წყლის სათავე აუზის გამწმენდი, რაც, ექსპერტების თქმით, ეჭვს აჩენს დასაქმების რეალურობაზე. სხვა მუნიციპალიტეტებში ათეულობით ბენეფიციარია დასაქმებული ისეთ პოზიციებზე, რომლებიც თითქოს მხოლოდ სახელფასო დანიშნულებისთვისაა შექმნილი.
პროგრამის ბიუჯეტი ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება: 2022 წელს - 39.8 მლნ ლარი, 2023 წელს - 97 მლნ, ხოლო 2024 წელს უკვე 103 მლნ ლარი. ამ თანხით დაახლოებით 30 ათასამდე ბენეფიციარია დასაქმებული. თუმცა, მიუხედავად მასშტაბისა, მისი ეფექტიანობის შეფასება პრაქტიკულად შეუძლებელია - მხოლოდ 43 მუნიციპალიტეტმა გასცა მოთხოვნილი ინფორმაცია. სამინისტროებიდან კი მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტრომ უპასუხა გამოთხოვას.
„ფლანგვის დეტექტორის“ შეფასებით, გაუმჭვირვალე მენეჯმენტის, სუსტი მონიტორინგისა და შერჩევის ბუნდოვანი კრიტერიუმების პირობებში, პროგრამა ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვის პირობებს ქმნის. ეს შესაძლოა ნიშნავდეს არაფორმალურ დასაქმების სისტემას, სადაც სახელფასო რესურსი უკავშირდება მმართველი პარტიის მხარდამჭერთა გაძლიერებას რეგიონებში ყოველწლიურად 100 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო დანახარჯის ფასად.