რატომ გადაუკვალიფიცირეს ბრალი საბა სხვიტარიძეს - პროკურორის პირველი კომენტარი

24.07.25 13:37
რატომ გადაუკვალიფიცირეს ბრალი საბა სხვიტარიძეს - პროკურორის პირველი კომენტარი

 

 

რატომ გადაუკვალიფიცირეს ბრალი სინდისის პატიმარ საბა სხვიტარიძეს - პროკურორი სასამართლო სხდომის შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.

როინ ხინთიბიძის თქმით,  ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა, საბა სხვიტარიძეს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

„პროკურატურა ყოველთვის ხელმძღვანელობს მაღალი სტანდარტით და ვინაიდან დადასტურდა, რომ შესაძლოა, ბრალდებულს უტყუარად არ სცოდნოდა, რომ პოლიციელები ასრულებდნენ თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ამიტომ მივიღეთ ობიექტური და სამართლებრივი გადაწყვეტილება კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით.
გავითვალისწინეთ საქმეში არსებული ყველა გარემოება და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, - განაცხადა სხვიტარიძის საქმის პროკურორმა.

"პირველებმა" საქმის პროკურორს ჰკითხა, მაშინ როდესაც სისხლის სამართლებრივად მსუბუქი დაზიანება 6-დან 21 დღემდე მკურნალობას საჭიროებს, ამ შემთხვევაში, საავადმყოფოში უნდა ყოფილიყო თუ არა პოლიციელი მირიან ქავთარაძე, რაზეც როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ "არ უნდა იყოს". 

"იმისთვის, რომ 120-ე მუხლის შემადგენლობა გქვონდეს სახეზე, უნდა იყოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია". - განაცხადა პროკურორმა. 

სინდისის პატიმარ, საბა სხვიტარიძეს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა. სხვიტარიძეს ბრალი პოლიციელზე თავდასხმიდან 120-ე მუხლის პირველი ნაწილით შეუცვალეს.

უფრო კონკრეტულად, საბა სხვიტარიძეს ბრალი ჰქონდა წაყენებული 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი მას ახლა 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ზოგადად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული კი "ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ".