პროკურატურას აქვს გენერალიზებული საშინაო დავალება გაცემული მოწმეებზე, გაიმეორონ ერთი და იგივე წინადადება - ომარ ფურცელაძე

24.07.25 18:04
პროკურატურას აქვს გენერალიზებული საშინაო დავალება გაცემული მოწმეებზე, გაიმეორონ ერთი და იგივე წინადადება - ომარ ფურცელაძე

პროკურატურას აქვს გენერალიზებული საშინაო დავალება გაცემული მოწმეებზე, გაიმეორონ ერთი და იგივე წინადადება - ამის შესახებ "პირველებთან" ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, შეუძლებელია 30-მა ადამიანმა ერთი და იმავე შინაარსის წინადადება ჩამოაყალიბოს ზუსტად ერთი და იმავე სიტყვათა თანმიმდევრობით.

ადვოკატი ამბობს, რომ არცერთ მოწმეს არ აქვს სამართლებრივად რელევანტური პრეტენზია სინდისის 11 პატიმრიდან რომელიმეს მიმართ.

ფიზიკურად შეუძლებელია, 30-მა ადამიანმა, რომელსაც აქვთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი, სხვადასხვა სამუშაო გამოცდილება, სხვადასხვა განათლება, ერთი და იმავე შინაარსის წინადადება ჩამოაყალიბოს ზუსტად ერთი და იმავე სიტყვათა თანმიმდევრობით. დადასტურებულად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ პროკურატურას აქვს გენერალიზებული საშინაო დავალება გაცემული მოწმეებზე, გაიმეორონ ერთი და იგივე წინადადება. მათ პრეტენზია აქვთ იმ ადამიანებზე, ვინც უშუალოდ დააზიანა ისინი, თუ სასამართლო დაადგენს, რომ კონკრეტული პირი იყო კონკრეტული ადამიანის დამზიანებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში  მათ აქვთ მხოლოდ მორალური გაკიცხვის სტანდარტი, რომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ცუდია, დაახლოებით ამ დონეზე და არა სამართლებრივად რელევანტური პრეტენზია 11 პირიდან რომელიმეს მიმართ", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა საქალაქო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. დღეს სხდომაზე ორი სპეცრაზმელი დაიკითხა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები გურამ კვირიკაშვილი და  ილია ქავთარაძე.

ილია ქავთარაძემ დღეს სასამართლოზე თქვა, რომ 2 დეკემბერს აქციაზე პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე იყო, მოხვდა ქვა, მიიღო ნახეთქი ჭრილობა და დასჭირდა ნაკერების დადება, ვერ თქვა, ვის მიერ ნასროლი ქვა მოხვდა, ვერცერთ სინდისის პატიმარს ხელი ვერ დაადო, თუმცა განაცხადა, რომ პრეტენზია მაინც ყველა დაკავებულთან აქვს. ის ასევე დაკითხულია პარალელურად მიმდინარე - 8 პირის საქმეზეც.

  • დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.