ნაგვის ურნები ამფითეატრში და ამბულატორიის არარსებობა - კურორტი ბახმარო განადგურების ზღვარზეა

27.07.25 16:17
ნაგვის ურნები ამფითეატრში და ამბულატორიის არარსებობა - კურორტი ბახმარო განადგურების ზღვარზეა

ბახმაროში ინფრასტრუქტურა ნადგურდება. შენობები საქონლის თავშესაფრებადაა  ქცეული. სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებულ ამფითეატრში დღეს ნაგვის ურნები ყრია. ინგრევა ამბულატორიაც. კურორტზე სასწრაფო დახმარების პუნქტიც კი არ ფუნქციონირებს. არადა, ჯერ კიდევ ღარიბაშვილის პრემიერობის დროს აპირებდნენ ბახმაროსს ტურისტულ ჰაბად ქცევას. იგივე გაიმეორა გასულ წელს გურიაში ჩასულმა ირაკლი კობახიძემაც.

დანგრეულ ინფრასტრუქტურასთან და ამბულატორიის არარსებობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას ვერ მალავენ ვერც ადგილობრივები და ვერც ტურისტები.

ამბულატორიის არარსებობა ძალიან ბევრს პრობლემას ქმნის. ექიმი ვერ მოგისწრებს, შეიძლება, ცუდად გახდე და უცბად მოკვდეს ადამიანი. არაფერი არ არის. დამსვენებლები ძალიან ბევრია, სხვადასხვა კუთხის, სხვადასხვა ეროვნების ხალხი და ერთი ამბულატორია არ არის, - ამბობს ადგილობრივი.

ადგილობრივი ოპოზიცია კი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხი არ ადარდებს და განცხადებებს მხოლოდ წინასაარჩევნოდ აკეთებენ.

ღარიბაშვილი რომ აქ ადამიანებს თვალებში ნაცარს აყრიდა და ტურისტულ ჰაბად რომ ჰპირდებოდა აქაორობის ჩამოყალიბებას, როგორც თვითონ მოიძულა ბიძინამ, ისე მოაძულებინეს მთელი ბახმარო, ფაქტობრივად და ჰაბი კი არა, ერთადერთი, თავისთვის პირადი კომფორტი მოიწყვეს და აქ არანაირი სამედიცინო პუნქტი არ არსებობს, თითი თითზე არ დაუდიათ, მხოლოდ ჩამოანგრიეს და ჩამოაქციეს აქაორობა, - ამბობს ოზურგეთის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თათია ნიკოლეიშვილი.