7 კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსის გეგმა თვალჭრელიძეზე - ვის ინტერესებს ემსხვერპლნენ სოცდაუცველები
თვალჭრელიძის პირველ ნომერში, საიდანაც დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები ძალის გამოყენებით გამოასახლეს, 7-კორპუსიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, თბილისის საკრებულომ 2023 წელს დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც მრავალმილიონიან პროექტს მწვანე შუქს უნთებს.
დეპუტატების თქმით, ხალხის ქუჩაში დატოვების უკან შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები იდგეს. დოკუმენტებით დადასტურდა, რომ განაშენიანების გეგმის დამტკიცების პერიოდში ტერიტორია სწორედ ჩხარტიშვილის კომპანიას ეკუთვნოდა.
ამჟამად 45 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი „ბლექსი ფროფერთის“ საკუთრებაშია, რომელიც აზერბაიჯანელ ბიზნესმენს ეკუთვნის. ჩხარტიშვილმა ეს მიწა უცხო პირზე გამოსახლების დაწყებამდე 5 თვით ადრე გაასხვისა, კომპანია კი გარიგების დადებამდე მხოლოდ 1 დღით ადრეა რეგისტრირებული, რაც საკრებულოს წევრებს ეჭვს უჩენს, რომ ამგვარად ბიზნესმენი ცდილობდა იძულებითი გამოსახლება მის სახელთან არ დაკავშირებულიყო.
გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსის სუფთა ფართობი 95 000 კვ.მ იქნება, 1000 კვ.მ - საბავშვო ბაღისთვის გამოიყოფა, ხოლო დასრულების შემდეგ კორპუსებში დაახლოებით 2650 ადამიანი იცხოვრებს.
საკრებულოს დეპუტატები აცხადებენ, რომ მერიამ ხალხის ინტერესები დიდ ფინანსურ პროექტში გაცვალა, რადგან მხოლოდ ბინების რეალიზაციიდან კომპანია მინიმუმ 95 მილიონ დოლარს მიიღებს.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.