ვეფხია კასრაძე გამომძიებელს: რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმასთან დაკავშირებით? დაუმსახურებლად მიწევს 9 წლამდე პატიმრობა

28.07.25 14:44
ვეფხია კასრაძე გამომძიებელს: რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმასთან დაკავშირებით? დაუმსახურებლად მიწევს 9 წლამდე პატიმრობა

სინდისის პატიმრების პროცესები გრძელდება- ვეფხია კასრაძემ სასამართლო სხდომაზე გამომძიებელს ჰკითხა, რატომ არ ჩაატარა ექსპერტიზა ვიდეოზე, სადაც გამოძიების მტკიცებით, ვეფხია კასრაძის ხმა ისმის და დანაშაული დგინდება.

ბრალდებულის თქმით, ეს ჩანაწერი საერთოდ ყალბია, მაგრამ თუ ნამდვილად მისი ხმა ისმის, მაშინ ამის დასადგენად ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო.

მან მოწმე-გამომძიებელს ჰკითხა, არის თუ არა მისი მხრიდან ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობა ის, რომ ექსპერტიზა არ ჩატარდა ჩანაწერზე.

6-დან 9 წლამდე შეიძლება დაუმსახურებლად მომისაჯონ. რის საფუძველზე დაადგინეთ, რომ ჩვენ მართლა ვაპირებდით ამ დანაშაულის ჩადენას? რით ადასტურებთ? აქ ხომ სრულად არ არის ექსპერტიზა ჩატარებული? თქვენ რომ ხმასთან დაკავშირებით ჩაგეტარებინათ ექსპერტიზა, კითხვის ნიშნები არ გაჩნდებოდა… მე არ გეუბნებით, რომ თქვენ დანაშაული ჩაიდინეთ. აქ შეცდომაა დაშვებული, რომ არ ჩატარდა ექსპერტიზა… რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმასთან დაკავშირებით?“, - ჰკითხა ვეფხია კასრაძემ გამომძიებელს.

ამ კონკრეტულ კითხვას მოწმემ არ უპასუხა.

კასრაძე: იყო ეს სამსახურებრივი გულგრილობა?

მოწმე: არა??

კასრაძე: აბა, გამოგრჩათ?

მოწმე: არა, სამართლებრივი მსჯელობა სჭირდება და არ შემოვალ..

კასრაძე: რით ადასტურებთ? ექსპერტიზა სრულად ხომ არ ჩატარებულა, ხმის ექსპპერტიზა რომ ჩაგეტარებინათ კითხვა ხომ არ გაჩნდებოდა, დანაშაულია, შეცდომაა დაშვებული, რომ ხმის ექსპერტიზა არ ჩატარდა...რატომ არ ჩაატარეთ ექსპერტიზა ხმაზე?

ყველაფერი ნათელია. ფაქტობრივად, მოწმემ არასრულყოფილი ექსპერტიზა ჩაატარა. ვიდეოში მე რომ ვჩანვარ, ამაზე არ ვედავები, მაგრამ მე ვსაუბრობდი თუ არა, ამაზე ექსპერტიზა არ არის ჩატარებული. ჩანაწერი არის ყალბი! ვერც ადასტურებენ, როდის მოხდა ჩაწერა, საერთოდ სად მოხდა ჩაწერა, ამასაც ვერ ადასტურებენ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ ეს გაითვალისწინოთ“,-თქვა კასრაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.