თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დუმილის უფლებით სარგებლობს
თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური, რომელიც ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, დუმილის უფლებით სარგებლობს.
ღუდუშაურის ადვოკატმა ლევან სეფიაშვილმა სუსთან შერებილ მედიას უთხრა, რომ საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებით სარგებლობს. მეტს საქმესთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ ჩემი დასაცავი პირის ინტერესებიდან გამომდინარე. მასალები ახლა გადმოგვეცა, გავეცნობით და დეტალები ჩვენთვისაც გახდება ცნობილი“, - განაცხადა სეფიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია, გამოიკითხა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე.
თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ღუდუშაურს და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს ბრალი უკვე წაუყენეს.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.