სინდისის 8 პატიმრის საქმე- მოწმე გამომძიებელმა ვიდეო მტკიცებულება საკუთარი მეხსიერების ბარათით მიიტანა
სინდისის 8 პატიმრის საქმე პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით გრძელდება - მოსამართლე ამ წუთებში მოწმე პოლიციელს -არსენ ღუნაშვილს უსმენს.
მთავარი გამომძიებელმა არსენ ღუნაშვილმა მოსამართლეს შესთავაზა, საკუთარი მეხსიერების ბარათით მიტანილი ვიდეო წარედგინა, რამაც ადვოკატებში შეშფოთება გამოიწვია.
დაახლოებით, 40 წუთია, ამ თემის ირგვლივ მიმდინარეობს მსჯელობა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ წარმოუდგენელია, პროცესზე მივიდეს მოწმე და თქვა, რომ მან საკუთარი ე.წ. ფლეშკით უნდა წარადგინოს მტკიცებულებები.
მოწმე: 14-წუთიანი ვიდეო, რაზეც ადვოკატები საუბრობენ არის ინფორმაციული. ზვიად ცეცხლაძე თანხმლებ პირთან ერთად საუბრობს უწყვეტ რეჟიმში, ეს ვიდეო გადმოვწერე და ჩავწერე დისკზე, ვინახავ ყველა ვიდეოს ერთად ფლეშმეხსიერების ბარათზე, გთხოვთ, მომცეთ საშუალება ეს ვიდეო ჩავრთო და ერთად მოვუსმინოთ
შოთა თუთბერიძე: ჯიბიდან ფლეშის გამოძრობა და კომპიუტერზე შეერთება... ეს ვიდეო არ არის მხარეებთან გაცვლილი, მისი წარმომავლობა უცნობია... ახლა ვმსჯელობთ იმაზე, რომ მოწმის სახით მოსულა ადამიანმა ჯიბიდან ამოიღოს ფლეშკა და ვიდეო ჩართოს?!
ადვოკატები წინააღმდეგები არიან მოწმემ მისი მეხსიერების ბარათიდან ჩართოს ვიდეო. რევაზ აჭარაძეს აინტერესებს, რატომ უნდა დასხდნენ და უყურონ, არის თუ არა ეს ვიდეოები ერთი და იგივე და რატომ უნდა გაწიონ ძალისხმევა, მითუმეტეს როცა საქმეში მტკიცებულებად ჩადებულ ვიდეოს ხმა არ აქვსო.
მიკვირს კიდეც, რომ ამდენი მსჯელობა დაგვჭირდა, დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო ამას არ დაუშვებს... მოვიდა გამომძიებელი და აგერ ვიდეო მაქვსო? წარმოუდგენელი დარღვევაა", - ამბობს რევაზ აჭარაძე.
გუჯა ავსაჯანიშვილის თქმით, თუ მოწმეს სურს საქმის მასალით იხელმძღვანელოს, არის ვიდეო და იხელმძღვანელოს.
სანამ ეს ფლეშკა შეერთდება მანამდე უნდა დასაბუთდეს, რომ მისი მოტანილი ვიდეო, იგივეა, რაც საქმეში, ბატონი არსენი ამბობს, ხმა აქვსო და საქმეში ხმიანი ვიდეო არ არსებობს.... ბატონ არსენს შეუძლია ფლეშკა ხელში ეჭიროს",-ამბობს ის.
ახლა გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა უნდა მიიღოს, ჩაართვევინებს თუ არა ვიდეოს, რომელიც გამომძიებელმა მეხსიერების ბარათით მოიტანა.