სასამართლოში ე.წ. ფლეშკით მიტანილი მტკიცებულება - რას ამბობენ ადვოკატები?
სინდისის პატიმრების უფლებადამცველები მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა და 8 პირის საქმეზე მთავარი გამომძიებლის მიერ მეხსიერების ბარათით (ე.წ. ფლეშკით) მიტანილი აუდიო მასალის დარბაზში ჩართვას დათანხმდა.
ადვოკატები ამბობენ, რომ ამით მოსამართლე მჭედლიშვილმა სამართლიანი სასამართლოს უფლება დაარღვია.
ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღეს, "პროკურატურამ და სასამართლომ საქართველოს კანონით იჟონგლიორეს".
პროკურატურამ ჩაიდინა გაუგონარი რამ, როცა გამომძიებელს მოატანინა ფლეშკით და მან თავად აღნშნა, რომ ჯიბეში მაქვს ფლეშკაო, სადაც მიწერიაო ვიდეოო, რომელსაც არ გაუვლია არცერთი ეტაპი, არც რამე ექსპერტიზა.
სასამართლომ, სამწუხაროდ, მისცა შესაძლებლობა, რომ ეს მტკიცებულება იქნეს ჩართული სასამართლოზე და იქნეს დართული საქმეზე.
ეს იყო ხრიკი, საცირკო წარმოდგენას დავარქმევდი, როცა პროკურატურამაც და სასამართლომაც იჟონგლიორეს საქართველოს კანონით.
ამ ვიდეოზე, რომელიც არის live-ი გავრცელებული ერთ-ერთი Facebook გვერდის მიერ, ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩანს და ისმის ცეცხლაძის მიერ დაორგანიზება დანაშაულისა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიდეო არ აქვს ხმა. მთელი ეს ვერსია, რომ პროკურატურამ, გამომძიებელმა მოუსმინეს ამ ვიდეოს იყრებოდა წყალში, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ნაკლები სირცხვილი აერჩიათ სასამართლოში.
ეს ნათელი ინდიკატორია იმისა, თუ რა უბედურ დღეში არის სასამართლო და ბრალდების მხარე," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განმარტებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში მტკიცებულება "არასწორი და უკანონო მეთოდით წარმოადგინა".
საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს და უთითებს, ზვიად ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეში, თითქოსდა ეს მტკიცებულება ადასტურებდა ზვიად ცეცხლაძის მხრიდან ორგანიზების გაწევას, მაშინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო-მასალა ფიზიკურად არ იყო რელევანტური და არ იყო თავისი შინაარსით ინფორმაციული, სხვა მეთოდით, არასწორი და უკანონო მეთოდით შეძლო და წარმოადგინა ბრალდების მხარემ სასამართლოში," - განაცხადა ჭიკაიძემ.
ხოლო არჩილ ჭავჭანიძე აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსამართლემ, ფაქტობრივად, "ირიბად დაარღვია ის მთავარი ფუნდამეტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის პროცესი".
მოსამართლემ, ფაქტობრივად, ამ გადაწყვეტილებით ირიბად დაარღვია ის მთავარი ფუნდამეტური პრინციპი, რომელსაც ეფუძნება სისხლის სამართლის პროცესი და ეს არი შეჯიბრთობის პრინციპი და ირიბად, პროკურატურას მისცა შესაძლებლობა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, რომ გაემყარებინა ის მტკიცებულება, რომელიც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დადგინდეს პირის ბრალდება. შესაბამისად, სასამართლო ამით შეეცადა, რომ პროკურატურის შეცდომა, რაც წინა პროცესზე დაუშვა და არსებითი შეცდომაა, გამოესწორებინა," - ამბობს არჩილ ჭავჭანიძე.
ცნობისთვის, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის 8 პატიმრის საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მეხსიერების ბარათით (ე.წ. ფლეშკით) მიტანილი "ხმიანი ვიდეოს" ჩართვის ნებართვა გასცა.