აღიარებენ თუ არა ბრალს თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ექს-მაღალჩინოსნები - სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას ითხოვს.
სახეზეა აღკვეთის გამოყენების ფაქტობრივი საფუძვლები, მოწმეების ჩვენები, თავდაცვის სამინისტროდან ამოღებული დოკუმენტების და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ასევე აკვეთიდ ღონისძიების გამოყენების ფორმალური საფუძვლებიც სახეზეა, შემდგომი დანაშაულის ჩადენის და მიმავლის საფრთხეა. საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დასადგენია ხომ არ ჰქონდათ მათ დანაშაულებრივი კავშირი სხვა პირებთან. ამიტომ გამოყენებული უნდა იქნას პატიმრობა, რომ ზემოქმედება არ მოახდინონ გამოძიებაზე".- განაცხადა სხდომაზე პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
რაც შეეხება დაკავებულებს, ვლადიმერ ღუდუშაური სასამართლოზე დუმილის უფლებით სარგებლობს, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ბრალს არ აღიარებენ.
"ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები" - თქვა პროცესზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ.
აღნიშნულით მან მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატებმა 100 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.
ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ იყო ვალდებული შესყიდვამდე ბაზრის კვლევა ჩაეტარებინა. არსებობდა კომპანიის საიდუმლო დოკუმენტები, რაზეც ვლადიმერ ღუდუშაური დაშვებას ვერ მოითხოვდა. არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება მის წინააღმდეგ, ბრალდება დამყარებულია ვარაუდებზე. 10 ივლისს გამოკითხეს ის პირველად და იცოდა რომ მის წინააღმდეგ ძიება მიმდინარებდა მაგრამ არ უცდია მიმალვა", - განაცხადა პროცესზე ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატმა, დიმიტრი მჭედლიშვილმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ადვოკატიც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ 100 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვს და აცხადებს, რომ „საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი“
ტარიელ კაკაბაძის განმარტებით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი. როგორც მან განმარტა, მხეიძის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმეა, რომელმაც მას ხელი დაადო, რათა „საკუთარი თავი ბორკილების დადებისგან ეხსნა”.
- "პირველების" ინფორმაციით, შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წევრები - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.