ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილი მოადგილე განსასჯელის სკამზე - რა თქვა გიორგი ხაინდრავამ
"ბრალდების შინაარს გავეცანი, უბრალოდ არ ვეთანხმები" - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს პროცესზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ.
აღნიშნულით მან მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის კითხვას უპასუხა, იყო თუ არა მისთვის ბრალდების შინაარსი გასაგები.
ხაინდრავამ სხდომაზე 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.
ჩემზე არც მოდავე არაა არავინ, ხელსაც არავინ არ მადებს და არც მოწმეებთან მქონია კონტაქტი, არადა ვიცოდი ვინ იყვნენ იმიტომ რომ დაკითხვის დროს საგამოძიებო უწყებაში მითხრეს. პირიქით სახლში ვიჯექი და თავს ვარიდებდი გარეთ გასვლასაც, გამომძიებელთანაც სულ კონტაქტი მქონდა", - განაცხადა გიორგი ხაინდრავამ.
თბილისის საქალაქო სასამართლო თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურისა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.
პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას ითხოვს.
ცოტა ხნის წინ სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ხაინდრავას და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ვლადიმერ ღუდუშაურის ადვოკატებმა 100 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს.
- "პირველების" ინფორმაციით, შაბათს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ანტიკორუფციულმა სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა.
სწორედ ბურჭულაძის გამოკითხვის შემდეგ, რამდენიმე საათში კორუფციის ბრალდებით დაკავებულ იქნა ბურჭულაძის უახლოესი გარემოცვის წევრები - თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, იმავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური და თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.
უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.