სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი, გამიშვებენ - ვაი, თქვენს პატრონს! - ჭიჭინაძის სიტყვა პროცესზე
"ვაი, თქვენს პატრონს!" - ასე პასუხობს სინდისის პატიმარი ანდრო ჭიჭინაძე მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზებას, რომ ბოდიშის მოხდის შემთხვევაში, შეიწყალებენ. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე ისაუბრა.
ჭიჭინაძემ სხდომაზე თქვა, რომ ამგვარი შეთავაზება შეუძლიათ, პოლიციელებს გაუკეთონ.
სინდისის პატიმარმა ბრალდებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოგონილია და ის ვიდეომტკიცებულებებიც, რომელიც პროკურატურას აქვს წარდგენილი, დანაშაულს არ ადასტურებს.
რაც დრო გადის, სულ უფრო ხშირად მომდის ინფორმაცია, რომ თუ ბოდიშს მოვიხდი - გამიშვებენ. სინამდვილეში, საკითხი ასე დგას: რთულია ამას კორექტულად პასუხი მოუძებნო - ვაი, თვქვენს პატრონს! ეს ბოდიში და შეწყალება შეუძლიათ პოლიციელებს შესთავაზონ.
რაც შეეხება ბრალდებას, არის მოგონილი. ვიდეომტკიცებულებები, რაც აქვს წარმოდგენილი პროკურატურას ინდივიდუალურად, გარჩევით არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს. ამისთვის მოიგონეს ჯგუფურობა. იმასაც ვამბობ, რომ ვიდეოზე მე ვარ, არც სიტყვიერ შეურაცხყოფას უარვყოფ და არც იმ ქმედებას, რაც ვიდეოში ჩანს - არავის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ამით საფრთხე არ შექმნია, - თქვა ჭიჭინაზემ სხდომაზე.
საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.