„ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“ - მთავარი გამომძიებელი 11 პირის საქმეზე
რამდენიმე თვიანი გამოძიების შემდეგ, პროკურატურამ პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 11 პირს შორის კავშირი ვერ დაადგინა. დღეს პროცესზე საქმის მთავარმა გამომძიებელმა, არსენ ხუნაშვილმა აღიარა, რომ „ბრალდებულების პირდაპირი კავშირი დანაშაულის ორგანიზატორებთან დადგენილი არ არის“.
მისი განმარტებით, ორგანიზება ბრალდებულების მობილური ტელეფონიდან უნდა დადგინდეს, რომელიც ექსპერტიზაზეა გაგზავნილი, გაგზავნამდე კი მობილური ტელეფონები თავად არ დაუთვალიერებია.
ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების შესახებ არსენ ხუნაშვილს კითხვები დაუსვა სინდისის პატიმრის, გიორგი ტერიშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა, რის საპასუხოდ მოწმემ დაადასტურა, რომ ტერიშვილის ტელეფონში შემავალი/გამავალი ზარების ამონაწერი ანძებიდან არ გამოუთხოვია.
ირაკლი ჩომახაშვილი: ამოიღეთ თუ არა გიორგი ტერიშვილის ტელეფონი, რის შემდეგაც გამოითხოვდით ანძების ჩანაწერებს- იმის დასადგენად ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კომუნიკაცია ტერიშვილს რომელიმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორთან?
არსენ ხუნაშვილი მოწმე: ტელეფონი ამოღებულია მაგრამ ინფორმაცია არ გამოგვითხოვია.
ირაკლი ჩომახაშვილი: გიორგი ტერიშვილის ან რომელიმე სხვა ბრალდებულის სოციალური ქსელის დათვალიერება მოხდა, იმის შესამოწმებლად ჰქონდათ თუ არა კავშირი ერთმანეთთან ან ძალადობის ორგანიზატორთან?
არსენ ხუნაშვილი მოწმე: ამ საქმეზე არც ერთი ბრალდებულის სოციალური ქსელი არ დათვალიერებულა.
მოწმეს შეკითხვა დაუსვა კიდევ ერთი ბრალდებულის, ვალერი თეთრაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ:
ირმა ჭკადუა: ვალერი თეთრაშვილმა ტელეფონი ხომ გადმოგცათ და კოდიც გაგიხსნათ. არ გაინტერესებდათ იქნებ ვინმე
მას მოწოდებას უგზავნიდა დანაშაულის, რატომ არ გახსენით ტელეფონი? თქვით რომ შეიძლება ყოფილიყო მობილური ტელეფონები რაიმე ინფორმაციის მატარებელი 9 თვე რატომ არ დადგინდა ეს?მოწმე: ამ კითხვას მეექვსეჯერ ვპასუხობ. გამომდინრე იქიდან რომ ამოარქივებული ინფორმაცია უფრო მნიშვნელოვანი იქნება ამიტიმ არ მოხდა ტელეფონის გახსნა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მოუწოდა მოწმეს, რომ იგივე კითხვაზე სხვა დაკავებულების კონტექსტშიც ეპასუხა.
„არის ვიდეოები, სადაც რამდენიმე პირი ერთად ჩანს. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი. ორგანიზატორთან პირდაპირი კავშირი არ ჩანს“, - განაცხადა არსენ ხუნაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის -ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი მიმდინარეობს.
- დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
- აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.