მზია ამაღლობელის განაჩენით რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს - დიასპორული ორგანიზაციები
მზია ამაღლობელის განაჩენით რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს – ამის შესახებ დიასპორული ორგანიზაციების და ემიგრანტების გაერთიანებების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები მიმართავენ "ოცნებას", დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი!
"ეს ბრძოლა გადის სინდისის და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაზე, ნამდვილ, თავისუფალ, ევროპულ არჩევნებზე და ქართულ ოცნებად წოდებული რეპრესიული რეჟიმის სრულ დამარცხებაზე" - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
„უახლოეს დღეებში, „ქართული ოცნების“ ე.წ. სასამართლო აპირებს განაჩენი გამოუტანოს მზია ამაღლობელს და ამ განაჩენით, რეჟიმი თავის განაჩენსაც აწერს ხელს.
დიასპორული ორგანიზაციები და ემიგრანტების გაერთიანებები მივმართავთ რეპრესიულ რეჟიმს და ამ სისტემის მსახურებს – დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი!
წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დავიშურებთ დროსა და ძალისხმევას, რომ ნებისმიერი, ვინც მონაწილეობს მზიას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული, დაუსაბუთებელი და უკანონო საქმის შეთხზვაში, მასზე ძალადობაში, საზოგადოების დეზინფორმაციაში, ასევე – ვინც მოამზადებს, ხელს შეუწყობს და გამოიტანს ე.წ. სასამართლო განაჩენს – აუცილებლად, სამართლიანად აგებს პასუხს თავისუფალი და დემოკრატიული მართლმსაჯულების წინაშე.
ვპირდებით, რომ ისინი მოხვდებიან ყველაზე მკაცრი, პერსონალური სანქციების ქვეშ, ხოლო მათი სახელები და გვარები, ისტორიას სამუდამოდ დარჩება, როგორც მოღალატე და მოძალადე რეჟიმის მსახურები.
მზია ამაღლობელი არის მაღალი რეპუტაციის მქონე პროფესიონალი და სამაგალითო მოქალაქე, რომელსაც სისტემა აწამებს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება უკანონო პატიმრობის გამო. მას უპირისპირდება რეპრესიული რეჟიმი და სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული უკანონოდ დატყვევებული მოქალაქის მიმართ.
ქართული საზოგადოება იბრძვის რეპრესიული ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა გადის სინდისის და პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლებაზე, ნამდვილ, თავისუფალ, ევროპულ არჩევნებზე და ქართულ ოცნებად წოდებული რეპრესიული რეჟიმის სრულ დამარცხებაზე“ – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- „პლატფორმა 2025“
- ქართველთა საზოგადოება კვიპროსში. „ძალა ერთობაშია“
- ქართული დიასპორის წევრები დანიაში
- „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“
- ასოციაცია „თამარიელი“
- „თაობები საქართველოსთვის“
- ქართველთა სათვისტომო ავსტრიაში
- შტუტგარტის ჯგუფი
- ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი (ICGE), ბელგია
- „თაობები საქართველოსთვის“ იტალია
- „ქართველები ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში“
- „ცხრათვალა“
- ქართულ კულტურულ ორგანიზაციათა ქოლგა გაერთიანება ესტონეთში – „ქართული სახლი“
- ესპანეთში ქართველი ემიგრანტების ჯგუფები – მადრიდში, ბარსელონასა და ვალენსიაში
- საქართველოს პულსი
- ქართული დიასპორის წარმომადგენლები შვედეთში
- შტუტგარტელების ლიგა
- “ქართველი ქალები ესპანეთში”,
- ქართველი ხალხის თემი კაუნასში
- ქართველთა საზოგადოება პოლონეთში
- „კანადელი ქართველები პროგრესისთვის“
- GeoVoice, აშშ
- “საფრანგეთიდან დანახული საქართველო“
- „თავისუფლების ფონდი“, გაერთიანებული სამეფო
- დასი, შვეიცარია
- ქართველთა ასოციაცია ნორვეგიაში „კრება“
- ,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი”, იტალია
- ქართველთა საინიციატივო ჯგუფი ჩეხეთში
მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 აგვისტოს, 13 საათზე დაიწყება. შესაძლოა, იმავე დღეს გახდეს ცნობილი განაჩენის შესახებ.