11 პირის საქმე - რა შუამდგომლობას დააყენებენ ადვოკატები დღევანდელ სასამართლო პროცესზე

31.07.25 12:08
11 პირის საქმე - რა შუამდგომლობას დააყენებენ ადვოკატები დღევანდელ სასამართლო პროცესზე

საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული 11 პირის - ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესი იწყება - დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები მოწმეების დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ.

როგორც უფლებადაცმველი, თორნიკე მიგინეიშვილი ამბობს, დაცვის მხარეს ჯამში 15-მდე პირი ჰყავს დასაკითხი, რომლებიც მისი თქმით, პროკურატურის მოწმეების მიერ მიცემულ ჩვენებებს სრულად გამორიცხავენ.

ადვოკატები დღეს ასევე მოითხოვენ, რომ მოსამართლემ სხდომათა დარბაზის კარი ვიდეოკამერებისთვის გახსნას, რათა მედიამ პროცესის გაშუქება შეძლოს.

ალბათობა იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ან სასამართლო დაუშვებს ან გადაღების უფლებას მისცემს მედიებს ამ პროცესებზე, ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, გუშინ ჩვენ ვნახეთ პრეცედენტი, როცა ბაჩიაშვილსი საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაუშვა მედიები. მართალია, მედიები რომლებცი დაუშვა მიუთითებს, რომ ამ საქმის მიამრთ ინტერესი თავად ხელისუფლებას აქვს, რომ გააშუქოს, თუმცა ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უშუალოდ სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს პროცესებზე. დაცვის მხარე ვიწყებთ მოწმეების დაკითხვას. როგორც მაქვს ინფრომაცია, დაცვის მხარეს ჯამში დაახლოებით 15-მდე მოწმე გვყავს, ბრალდებულების უდანაშაულობას ადასტურებენ ეს ბრალდებულები და ასევე აღწერენ ისინი დეტალურად იმას, რასაც ხედავდნენ აქციებზე, მათ შორის ძალადობას პოლიციელების მხრიდან აქტივისტების მისამართით. მნიშვნელოვანი იქნება, თავად როგორი ექნება პოზიცია ბრალდების მხარეს, იმიტომ, რომ იყო გაჟღერებული პოზიცია, რომ შესაძლოა, უდავოდ გვიცნოს ბრალდების მხარემ კონკრეტული მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეებიც და ამას უკვე პროცესის განმავლობაში ვნახავთ.", -განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა. 

ადვოკატები დღეს ასევე აპირებენ, რომ აღკვეთის გადასინჯვის შუამდგომლობას დააყენონ.

გამომძიებელმა ახალი, არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რაც ვფიქრობთ რომ არის ახალი გარემოება, რაც ვფიქრობთ, რომ იწვევს აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას, შესაბამისად, დღეს კოლეგები შევთანხმდებით და დავაყენებთ მოსამართლესთან შუამდგომლობას აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.