მედიის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციები მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ
დაკავებული ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, რომელიც სავარაუდოდ, 1 აგვისტოს გამცოხადდება, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კვლავ მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოუხსნან მზია ამაღლობელს წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 ორგანიზაცია აწერს, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ "ნეტგაზეთი/ბათუმელების" დამფუძნებელი უსამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მის მიმართ წაყენებული ბრალი კი პოლიტიკურად მოტივირებულად არის შეფასებული.
ამაღლობელი ქართული მედიის მდგრადობის სიმბოლოდ იქცა - წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტის დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე განხორციელდა.
მისი დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნებამ“ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონებით, თვითნებური დაპატიმრებებით, განზრახ ეკონომიკური ზეწოლითა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დაუსჯელობით.
ამაღლობელის, სავარაუდოდ, 1 აგვისტოს დაგეგმილ საბოლოო მოსმენამდე, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში წინა მოსმენის მონიტორინგისთვის, ყურადღებით დააკვირდება ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება".- წერია გავრცელებულ გაბნცხადებაში.
ხელმომწერები:
- საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI)
- ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია (EFJ)
- პრესა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF)
- მუხლი 19 ევროპა
- ბალკანიის ტრანსევროპული ობსერვატორია (OBCT)
- თავისუფალი პრესა (FPU)
- ჟურნალისტებისთვის სამართლიანობის ფონდი
- ცენზურის ინდექსი
- ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი (CPJ)
- არამინტა
- მედიის მრავალფეროვნების გლობალური ინსტიტუტი
- მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი
- IMS (საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა)