მზია ამაღლობელის პროცესი - “ბათუმელების“ რედაქციაში ჟურნალისტის მეგობრები და კოლეგები იკრიბებიან
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე დასკვნითი პროცესი დღეს, 13:00 საათზე გაიმართება. ბათუმში ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად უკვე ჩავიდნენ დიპლომატები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის მეგობრები და კოლეგები დილიდან “ბათუმელების“ რედაქციაში იმყოფებიან. როგორც ისინი ამბობენ, ძალიან რთულია რამე მოლოდინზე საუბარი და პროგნოზების გაკეთება, თუმცა, მიიჩნევებ, რომ მზიასთვის გამოტანილი განაჩენი “იქნება მთლიანად სიტყვის თავისუფლების გასამართლება“
რთულია პოზიტიური პროგნოზების გაკეთება, მითუმეტეს იმ ფონზე, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ვუყურებთ. ჩვენ რომ სამართლიანი ქვეყანა და სასამართლო გვქონოდა, საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავით აქ და ეს პროცესი საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. ეს ადასტურებს სწორედ იმას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ უსამართლო სახელმწიფოში, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებებით არ მართავენ, არამედ სხვა ღირებულებებით, რომლის წინააღმდეგაც მზია ამაღლობელი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა და ცდილობდა, თითოეული მოქალაქის უფლებები ყოფილიყო დაცული. სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს სიმბოლურიცაა, რომ სწორედ მზიაა ის ადამიანი, რომელიც დღეს დგას დამოუკიდებელი მედიის გადარჩენის გზაზე, რადგან ეს განაჩენი, რაც არ უნდა იყოს ის, არ იქნება მხოლოდ მზიასთვის, ეს იქნება მთლიანად სიტყვის თავისუფლების გასამართლება, - ამბობს თამარ რუხაძე.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 13:00 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო პროცესი გაიმართება. შესაძლოა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა საქმეზე გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რო მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.