სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არის ფეიქნიუსი - შსს

24.03.21 14:24
სანდრო ბრეგაძის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არის ფეიქნიუსი - შსს

„ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია წარმოადგენს ფეიქნიუსს, –  ამის შესახებ განცხადებას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს. საუბარია სანდრო ბრეგაძის Facebook პოსტზე, სადაც მან მიუთითა, რომ ფოტოზე აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსი იყო  აღბეჭდილი დავით გარეჯში. 

 ამ ახალ ფოტოზე – აზერბაიჯანელი სტუდენტების ექსკურსიაა აღბეჭდილი დავით გარეჯში! ტაძრებში და მის გარეთ შეიარაღებული ჯარი დგას. ყოველივეს პასუხად – ჩვენი ხელისუფლება დუმს და სძინავს. როდესაც ხელისუფლება არ იცავს მიწა-წყალს, ერი ვალდებულია, თავად აიღოს სადავეები ხელში და გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორია, – წერდა  სანდრო ბრეგაძე.

შსს-ში განმარტავენ რომ ფოტო, რომელიც სანდრო ბრეგაძემ გამოიყენა, სინამდვილეში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საზღვრიდან  სამ კმ-ში, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალშია გადაღებული. 

ქართული მარშის“ ლიდერის მიერ გავრცელებული ფოტო და ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს „ფეიკ-ნიუსს“. სიცრუეა, თითქოს დავით გარეჯში ექსკურსიებზე დადიან აზერბაიჯანელი სტუდენტები. რაც შეეხება ფოტოსურათს, რომელიც სანდრო ბრეგაძემ თავის პოსტს დაურთო, იგი გადაღებულია დაახლოებით ერთი წლის წინ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, საზღვრის ხაზიდან სამ კმ-ში, „ჰეიდარ ალიევის“ სახელობის ნაკრძალში, რომელიც შარშან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გახსნა და ღონისძიებას აზერბაიჯანის მოქალაქეები დაესწრნენ, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.