არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს - რისთვის, ცხრა თვე ციხეში? - ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვა

27.08.25 16:26
არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს - რისთვის, ცხრა თვე ციხეში? - ვეფხია კასრაძის საბოლოო სიტყვა

"სამშობლოს სიყვარული ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ უფრო გშთანთქავს, მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს - გიფასებს და მარადისობაში გამყოფებს... ვიბრძოლებ იქამდე სანამ ეს ქვეყანა არ გახდება სრულიად დამოუკიდებელი" - სინდისის 8 პატიმრის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვეფხია კასრაძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. 

ვეფხია კასრაძის თქმით, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სინდისის პატიმარმა აღნშნა, რომ ის იქამდე იბრძოლებს სანამ საქართველო ბოლომდე დამოუკიდებელი არ გახდება. 

...ის ჩანაწერი, რითაც მედავება ბრალდების მხარე, სიყალბეა, ბუნდოვანია, რა დროსაა ჩაწერილი, ვინ ჩაწერა, ვინ გადაიღო, არ არის აბსოლუტურად ავთენტური და ეს ძალიან დიდ ეჭვს იწვევს, არა მარტო ჩემში, არამედ ყველაში, ვინც ეს ნახა, ურთიერთგამომრიცხავია, როცა ბრალდება ამბობს, რომ მე რაღაცას ვაორგანიზებდი, რადგან მე სრულიად საწინააღმდეგო შეხედულება მქონდა ამ პროცესების მიმართ... მე ზუსტად ვიცი, რა გავიარეთ ჩვენ 90-იან წლებში, ძალიან დიდი შიში მქონდა, ეს დაპირისპირებაში არ გადასულიყო და ჩემს თავს ვალდებულად მივიჩნევდი, როგორც ომის ვეტერანი, რომ საზოგადოებასა და სპეცრაზმს შორის არ მომხდარიყო დაპირისპირება, რადგან იქით მხარეს შეიძლება იდგნენ ისინი, ვისთან ერთადაც ბრძოლაში ვიყავი, მეორე მხარეს კი იდგა ბრილიანტის თაობა.

ბევრჯერ მომიწოდებია ადგილზე მშვიდობისთვის, მე მოვუწოდებდი ორივე მხარეს, რომ დაწყნარებულიყო, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს მოწოდებაზე სიტუაცია დამშვიდდა, მე პოლიციელებს ვკითხე, შეეცადეთ, რომ ეს ხალხი დაგემშვიდებინათ? პარტიაშიც კი დავაყენეთ საკითხი, იქნებ ჩვენ შუაშიც ჩავდგეთ, რანაირად შევძლებდით პროცესის გაკონტროლებას? ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის საკუთარ თავზე აღება...

ეს იყო მშვიდობიანი მანიფესტაცია კონსტიტუციის ფარგლებში... დიდი პასუხისმგებლობა იყო ამის დაცვა, როგორც პარტიის წევრს სხვა პასუხისმგებლობები მქონდა, ეს ბრალდება არის ყალბი, არ შეესაბამება სიმართლეს... არა მხოლოდ უდანაშაულოდ ვგრძნობ თავს, არამედ ერთადერთი კითხვა მაქვს - რისთვის, ცხრა თვე ციხეში რისთვის? - ჩემთვის ეს გაუგებარია... ფალსიფიკაცია და მონტაჟია, გამომძიებელმაც დაადასტურა, უდანაშაულოდ და შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, დღეს არ დამიწყია საქართველოსთვის ბრძოლა, მოვდივარ ბრძოლით, მინდოდა ცვლილებები ქვეყანაში, ზუსტად იმისთვის ვიბრძოდი, რომ რა პროკურატურა და სასამართლოც გვაქვს... მე მინდა ისეთ საქართველოში ვიცხოვროთ არავინ მიგითითოთ რა გადაწყვეტილება მიიღოთ და თქვენს ღირსებას არ შეეხოთ, ვერავინ მიუთითოს პროკურორებს... ესეთი საქართველო მინდა, ასეთი საქართველოსთვის იბრძვიან ეს ბიჭები, ჩემი სიამაყეები არიან.

არ დადგენილა ჩვენი კონტაქტი. რანაირად უნდა დააორგანიზო, თუ კონტაქტს ვერ ამყარებ? ეს არის პოლიტიკური დევნა და არა მხოლოდ ჩემზე, ჩვენი პარტიის პოლიტიკური ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საპატიმროში არიან, მარტო ჩვენი არა სხვა პოლიტიკური ლიდერებიც...

რატომ ვარ საერთოდ ამ ბრძოლაში და რისთვის ვიბრძვი? - ეს არის ვალდებულება საკუთარი სამშობლოს წინაშე, ეს არის ვალდებულება იმ ჩემი დაღუპული მეგობრების წინაშე, ეს არის ვალდებულება წინაპრების წინაშე, რომლებმაც უდიდესი თავდადების ფასად მოგვიყვანა ჩვენ აქამდე, ვალდებულება ილიას, მერაბის და ზვიადის წინაშე... ბევრჯერ მიფიქრია, რომ დავიღალე, 20 წელი ომში მომიწია, მაგრამ არ მაძლევს რაღაც ძალა ამის უფლებას, სამშობლოს სიყვარული ჭაობია, რაც უფრო ღრმად შედიხარ უფრო მეტად ეფლობი შიგნით, გშთანთქავს, მაგრამ ერთი საუკეთესო თვისება აქვს - გიფასებს და მარადისობაში გამყოფებს... ვიბრძოლებ იქამდე სანამ ეს ქვეყანა არ გახდება სრულიად დამოუკიდებელი, დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პროკურატურა და არ გახდება ევროკავშირის წევრი, მე არ მინდა ჩემს შვილებს დავუტოვო საბრძოლი.

დღეს ეს ბიჭები თქვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, იმისთვის სწირავენ თავს, რომ თითოეული თქვენგანის გასაკეთებელს აკეთებენ...

დიდი სამშენებლო კომპანია მივატოვე და დავბრუნდი საოკუპაციო ზოლთან, რომ იქ სოფელი არ დაცლილიყო.. როგორც სასამართლოს უდგებით ფეხზე, ისე უნდა წამოუდგეთ ამ ადამიანებს ფეხზე, თუ გვინდა ნორმალური სახელმწიფო შევქმნათ.

დიდი გულისტკივილი მაქვს, ბევრი შეშინდა რეპრესიებით და ბევრმა დამივიწყა... დიდი გულისტკივილი მაქვს... ჩემი ცხინვალელები უნდა იყვნენ და იბრძოდნენ...

ვეტერანების და ქართველი ჯარისკაცების პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ამ ადამიანებზე დგას ჩვენი საქართველო და არ შეიძლება მოვექცეთ ისე, როგორც მე მომექცა სახელმწიფო... ერთადერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი და კარგია რომ ციხეში ვარ... 2012 წელს ამ ხელისუფლებას ხელი შევუწყე და ხელისუფლებაში მოვიყვანე, ეს იყო ყველაზე დიდი დანაშაული, მაგრამ ცვლილებები მინდოდა, ბატონო მოსამართლე...
ბევრ მხარდამჭერს დაკარგავენ... მე ამ ბრძოლას არ შევწყვეტ... სიკვდილისთვის ვარ მზად, მე არ მინდა სიცოცხლე, თუ ჩვენი პარლამენტის თავზე რუსული დროშა იფრიალებს, ვერავინ მოახერხებს, რომ საქართველოს შეუცვალოს კურსი...

მოსამართლე: არ მინდა, რომ შეგაწყვეტინოთ, საქმეს დაუბრუნდით.

აგრძელებს ვეფხია კასრაძე, ისევ აწყვეტინებს მოსამართლე და ეუბნება: არ ხართ აქ პოლიტიკაზე სასაუბროდ, საბოლოო სიტყვა უნდა ეხებოდეს საქმეს, წინააღდეგ შემთხვევაში სასამართლოს უფლება აქვს რომ....

კასრაძე: მესმის მაგრამ ჩემი საქმე არის პოლიტიზირებული, მე პოლიტპატიმარი ვარ, ჩემი საქმე შეკერილია ერთი მიზეზით, რომ ვიდექი პარტია "ლელოს" გვერდში და ვიბრძოდი საქართველოს მომავლისთვის, რომ არ ვეგუებოდი არცერთ უკანონო ქმედებას, რაც ქვეყანას დამართეს.. დღეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა არყოფნა დგას.

მოსამართლე: საქმეს შეეხეთ მხოლოდ. 

კასრაძე: ამას ეხება საქმე.... დედა მიყვებოდა ხოლმე, როგორც არ უნდა გამეკოჭე, მარჯვენა ხელს იძრობდი, ნაჭერი ხელში გეჭირა და დროშასავით აქნევდიო, ალბათ თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი იქიდანვე ჩამებეჭდა და მოვედი აქამდე, არ ვნანობ, მე ვარ უკანონო პატიმარი. 

ან მოვიპოვებ თავისუფლებას ან ამ ბრძოლას შევეწირები," - განაცხადა ვეფხია კასრაძემ.