სროლა რესტორან ქვევრში - ობიექტის მფლობელს თავს "ოცნების" მხარდამჭერი ლაშა ბასლანძე დაესხა

07.09.25 13:14
სროლა რესტორან ქვევრში - ობიექტის მფლობელს თავს "ოცნების" მხარდამჭერი ლაშა ბასლანძე დაესხა

თბილისში, რესტორან „ქვევრში“ სროლა მოხდა. რესტორნის მფლობელს, ზურაბ ტიბუას ადგილზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი და ბერა ივანიშვილის მეგობარი ლაშა ბასლანძე მიუვარდა, რომელიც ასევე "ქვევრის" ერთ-ერთი მეწილეა. ის ტიბუას ჯერ ფიზიკურად გასუწორდა, შემდეგ კი გაურკვეველი მიმართულებით გახსნა ცეცხლი. 

"პირველების" ინფორმაციით, თავდასხმის სავარაუდო მოტივი ფინანსური დავაა.

ინციდენტი ღამის 1 საათზე, რესტორნის შიდა სივრცეში მოხდა, რომელიც კამერებითაა აღჭურვილი. 

ცნობილია, რომ შემთხვევის დროს ლაშა ბასლანძე ადგილზე დედასთან ერთად იმყოფებოდა. "პირველები" ლელა ფირცხალაიშვილს დაუკავშირდა, თუმცა ის უარყოფს, რომ ადგილზე იმყოფებოდა და ამტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის. 

მე არაფერი ვიცი. რა გინდათ ჩემგან? ინციდენტს არ შევესწარი, მე მივედი 1 საათზე და არც არაფერი მომხდარა, - ამბობს ბასლანძის დედა. 

მომხდარზე საქმე 236 მუხლით აღიძრა, რაც იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს. 

დაზარალებული პოლიციას ჩვენებას ამ დრომდე აძლევს. სამართალდამცველები ამ დროისთვის კიდევ ერთ მოწმეს კითხავენ.

თავად ბასლანძე ჯერ გამოკითხული არ არის.

მსგავსი სიახლეები