"ქალი არ არის არცერთი, რაღაც სხვა ჯიშია" - კალაძე იმ ქალებზე, რომლებსაც მისი შტაბის წინ ფიზიკურად გაუსწორდნენ
კახა კალაძე ირწმუნება, რომ მისი შტაბის წევრებს მელიქიშვილის გამზირზე ქალებზე არ უძალადიათ. "პირველების" ჟურნალისტმა დღეს თბილისის მერს ის კადრები აჩვენა, სადაც ჩანს, როგორ დაიწყო დაპირისპირება მისი შტაბის წინ და როგორი აგრესით გამორიჩეოდნენ მისი მხარდამჭერები.
"ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია" - ამბობს კალაძე იმ ქალებზე, რომლებსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ეს არაერთ საჯაროდ გავრცელებულ კადრში ჩანს.
ქალებს სად ხედავ აქ, არცერთი არ არის ქალი, ქალი არ არის აქ არცერთი, არ ვიცი რაღაც სხვა ჯიშია, ქალი არ არის, სად არის ქალი ერთი მაჩვენეთ, რომელია ქალი.
თქვენც ჩვეულებრივი აკაცუკები ხართ, არაფრით არ განსხვავდებით იმ მოძალადეებისგან, რომლებიც გუშინ მიუვარდა საარჩევნი შტაბს", - განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, მიმდინარე აქციის დროს "ქართული ოცნების" პარტაქტივი და ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს თავს დაესხნენ. აქციის მონაწილეებს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები. დაპირისპირების დროს დაშავდნენ ჟურნალისტებიც.
"ოცნების" წარმომადგენლებმა მოქალაქეებს აგინეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ბოთლებს ესროდნენ.
პოლიცია ადგილზე დაპირისპირების დაწყების შემდეგ გამოჩნდა. ამ დრომდე პოლიციას "ოცნების" პარტაქტივი არ დაუკავებია.