იარაღი, რომლითაც ლევან ჯანგველაძეს ესროლეს, დავით მიქაძეს ჰქონდა - "პირველებმა" სანდრო წივწივაძის ჩვენება მოიპოვა
ჩვენება ფარცხალაძის გარემოცვის (დავით მიქაძის) წინააღმდეგ - მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა უძილაურს მკვლელობის იარაღი სავარაუდოდ, ძმებმა მიქაძეებმა გადასცეს, რადგან „გლოკი", რომლითაც ლევან ჯანგველაძეს ესროლეს, დავით მიქაძეს ჰქონდა - ამ შინაარსის ჩვენებას საგამოძიებო უწყებას მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული სანდრო წივწივაძე აძლევს.
"პირველების" ინფორმაციით, სკანდალური ჩვენება საგამოძიებო უწყებას წივწივაძემ ციხეში რამდენიმე დღის წინ მისცა.
- წივწივაძე ჩვენებაში ამბობს, რომ მისი სეიფიდან მოპარული 7 ცალი იარაღი, რომელიც მას 2019 წელს მოპარეს, სწორედ დავით მიქაძესთან ინახებოდა და აცხადებს იმასაც, რომ ამის შესახებ მას დავით მიქაძემაც დაუდასტურა - "მე დავით მიქაძეს ვკითხე ჩემი იარაღების თაობაზე, რომელმაც ირონიული ღიმილით მიპასუხა, რომ იარაღები იყო მასთან".
მამუკა ჟიჟილაშვილმა სეიფებისა და იარაღების წაღების ფაქტი თავდაპირველად უარყო, ხოლო შემდეგ როდესაც დაჟინებით მოვთხოვე, რომ მის გარდა სხვამ არავინ არ იცოდა იარაღების შესახებ, სწორედ ამ დროს მითხრა რომ “ იმასთან არის.” როდესაც ვკითხე ვის გულისხმობდა, მამუკამ მითხრა, რომ იარაღები იყო დავით მიქაძესთან, აქვე აღვნიშნავ რომ მე დავით მიქაძესთან და მის ძმასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, უბრალოდ მათი არსებობის შესახებ ვიცი უბნიდან. თავიდან გამიჩნდა განცდა, რომ მამუკა ჟიჟილაშვილი მატყუებდა, ვინაიდან მისთვის ძმები მიქაძეები წარმოადგენდნენ გავლენიან პირებს და აქედან გამომდინარე, მე ვერ გავბედავდი დავით მიქაძესთან მისვლას და იარაღების მოკითხვას.
მე და მამუკა ჟიჟილაშვილი მივედით უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე საშხაპეში, სადაც იმყოფებოდა დავით მიქაძე. მე დავით მიქაძეს ვკითხე ჩემი იარაღების თაობაზე, რომელმაც ირონიული ღიმილით მიპასუხა, რომ იარაღები იყო მასთან. იმ დროს იგი ჩქარობდა და მითხრა, რომ მოგვიანებით გვესაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. პოლიციაში წასვლამდე მე მამუკას ვკითხე როდის აიღო ჩემი იარაღები და მან მითხრა რომ, როდესაც მე საფრანგეთში წავედი, რამდენიმე დღეში წაუღია მამუკა ჟიჟილაშვილს სამი ცალი სეიფი, რომელშიც მოთავსებული იყო 7 ცალი იარაღი."- აცხადებს წივწივაძე ჩვენებაში.
- ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.
ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე.
ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში.
- პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
- გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
- მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
- უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.