ადვოკატი: მეგი დიასამიძის დაკავება ვაჭრობას ეფუძნებოდა
დღევანდელი ბრიფინგი შსს-ში ადასტურებს იმას, რომ მეგი დიასამიძის დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ ვაჭრობას ეფუძნებოდა, - ამ შეფასებას 23 წლის აქტივისტის ადვოკატი აკეთებს.
მისი თქმით, დიასამიძის იზოლატორში მოთავსება და მის წინააღმდეგ საქმის წარმოება სამართლებრივი ფარსია და აქტივისტი, ფაქტობრივად, მძევლად იქცა, რათა "ოცნების" ხელისუფლებას ძალადობის მუხლით დაკავებულები გაეთავისუფლებინა.
დღევანდელი ბრიფინგი შსს-ში ადასტურებს იმას, რომ მეგი დიასამიძის დაკავება და სისხლის სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ ეფუძნებოდა ვაჭრობას. ანუ მეგი დიასამიძის იზოლატორში ყოფნა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე ნიშნავს, რომ მეგი დიასამიძე იყო მძევლად, რათა გაეთავისუფლებინათ ის ადამიანები, რომლებიც ძალადობის მუხლით იყვნენ დაკავებულები. თავიდანვე მეგი დიასამიაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება იყო სამართლებრივი ფარსი, - ამბობს ადვოკატი.
შსს-ს ცნობით, პროკურატურა მეგი დიასამიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს, - ამის შესახებ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, უკვე გათავისუფლდნენ აქციაზე დაკავებული "ოცნების" პარტაქტივის წევრები, ირაკლი ბუაჩიძე და ზაზა მამალაძე, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები.