ბურჭულაძის საქმე - თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომლები გამოძიებას სხვა შესყიდვების შესწავლასაც სთხოვენ

14.09.25 13:40
ბურჭულაძის საქმე - თავდაცვის უწყების ყოფილი თანამშრომლები გამოძიებას სხვა შესყიდვების შესწავლასაც სთხოვენ

დაუმძიმდება თუ არა ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძეს?
თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, შეისწავლონ სამინისტროს სხვა შესყიდვებიც. საუბარია ჯარისკაცებისთვის შეძენილ უხარისხო საკვებსა და ტანსაცმელზე.

თეა კუჭუხიძე ერთ-ერთია, ვინც ბურჭულაძის მინისტრობის დროს თანამდებობა დაკარგა. მისი თქმით, ის მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ უკანონო მითითებას არ დაემორჩილა და უხარისხო საკვებს ვარგისიანად არ გააფორმა.

8 შვილის მამა, როგორ დამაკავეთო ახლა რომ გაჰყვირის, იმდენი უნდა სცოდნოდა, რომ სხვისი შვილებისთვის ლეში არ უნდა ეჭმია. მე მოვუქოდებ სუსს, დაინტერესდეს ამ საქმით. არა მარტო პროდუქტი შეისწავლონ, არამედ შევიდნენ თავდაცვის სამინისტროში და შეისწავლონ საფინანსო განყოფილების საქმიაონბა.

მე მაქვს ეჭვი, ჩემი და დალი ჭელიძის მაგალითზე, რომ ალბათ, მარტო ჩვენს ხელფასებს ხომ არ გაატრებდნენ, გაშვებული თანამშრომლების ხელფასებისთვის იყო ცალკე ყულაბა. ყველა უწყისს, საბოლოოდ, თითონ აწერდა ხელს, - ამბობს თეა კუჭუხიძე. 

ჯუანშერ ბურჭულაძის სავარაუდო დანაშაულებზე საუბრობს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი დალი ჭელიძეც. ქალი ამბობს, რომ თავდაცვის ექსმინისტრის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზად არის.  

ახლა ვასაჩივრებ იმ ოქმს, რომლითაც მე მუშაობა უნდა დამეწყო, იქ ხელმოწერაც მაქვს და ყველაფერი და მომატყუეს და როცა ოქმი შედგება, ეს უკვე თითქმის, ადმინისტრაციული კი არა, სისხლის სამართლის დანაშაულიც არის. ასეთი თანამშრომლები ბურჭულაძეს არ უყვარდა. მე ვერ დამიმორჩილა. ხარისხის კონტროლში რატომ მოხსნა გრიფი იმ ხელშეკრულებას, აი, 2020 წლის შემოდგომაზე რომ ხელშეკრულება მიიღეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რატომ სჭირდება წინდას, საცვლებს, ზამთრის საცვალს, ბათინკს, საიდუმლო, რატომ არის გასაიდუმლოებული?იქ ოხმ არაფერი იმალება? ფასები იყო გაათმაგებული. ის 4 წლის წინანდელი საქმე არ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ მაშინ ყველა იცავდა ბურჭულაძეს. გამოიძონ, მიხვდნენ, - ამბობს დალი ჭელიძე. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის მოთხოვნა.

ვიდრე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდნენ, ჯუანშერ ბურჭულაძემ ეჭვი გამოთქვა, რომ მისთვის წაყენებული ბრალი მოტივირებულია „სულ სხვა რაღაცით“.  ბურჭულაძე ამბობს, რომ მისი დაკავება აბსურდულია. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.

  • 2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.
  • თავდაცვის ყოფილ მინისტრს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები