მაკვანეთში ახლადრეაბილიტირებული სკოლა იშლება - მინისტრის ვიზიტისთვის ხარვეზებს საგანგებო რეჟიმში ფარავენ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რომ გურიაში თბილისიდან ჩასულ მინისტრს გარემონტებული სკოლა დაახვედრონ. 17 სექტემბერს მინისტრმა გივი მიქანაძემ მაკვანეთის სკოლა საზეიმოდ უნდა გახსნას.
სკოლის რეაბილიტაციისთვის მილიონები უკვე დაიხარჯა, თუმცა ირკვევა, რომ შენობაში წყალი ჩადის და კედლები იშლება.
ამბავს რესურსცენტრი და ადგილობრივი თვითმართველობა მალავდა, მაგრამ "პირველებმა" გაარკვია, რომ გარემონტებული შენობის ხელახლა შესაღებად მუშები აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ჩამოიყვანეს.
წაუსვეს და ჩამოიშალა და დირექტორმა რა ქნას? არავინ არ მალავს, ლესავენ და აკეთებენ, - ეუბნება "პირველებს" სკოლის თანამშრომელი.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით მჟავანაძე ამბობს, რომ პრობლემის აღმოფხვრის ნაცვლად, მუშები ახლა იმ ხარვეზების დამალვას ცდილობენ, რაც წვიმამ დააზიანა.
სოფელ მაკვანეთში "ქართული ოცნების" ხელისუფლება ორი წლის განმავლობაში აშენებდა სკოლას და დახარჯა არც მეტი, არც ნაკლები 2 მლნ ლარი იმისთვის, რომ პროექტი დაესრულებინა, მაგრამ ვხედავთ, რომ ის, რაც უკვე გაკეთებულია, იქ წყალი ჩამოდის. ორ დღეში მინისტრო უნდა ჩამოვიდეს და იმისთვის, რომ ეს ხარვეზები დამალონ, რაც მათ მიერ გაკეთებულია და რაც უკვე დააზიანა წვიმამ, ეს რომ დამალონ, მოიყვანეს სხვა კომპანია და უნდათ, გადამალონ, გადაღებონ, - ამბობს დავოთ მჟავანაძე.