კალაძის საარჩევნო ბანერებს დილიდან პოლიცია დარაჯობს
მას შემდეგ, რაც კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა კახა კალაძის საარჩევნო ბანერებს "რუსული ოცნება" დააწერა, ძველი ბანერები ჩამოხსნეს და მათ ადგილზე ახალი გააკრეს. ახლადაკრულ ბანერებს ახლა პოლიცია დარაჯობს.
"პირველების" კითხვაზე, რას აკეთებენ პოლიციელები კალაძის ბანერებთან, სამართალდამცველები ამტკიცებენ, რომ "უბრალოდ უსაფრთხოებას იცავენ".
ელენე ხოშტარიას მიერ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
იქნება თუ არა ელენე ხოშტარია მეორე ქალი, ვისაც ხელბორკილებს იმის გამო დაადებენ, რომ მან დედაქალაქის მერის საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერა დატოვა, ჯერჯერობით უცნობია.