“სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, არანაირი მაიდენტიფიცირებელი არ ეცვათ“- შუშანა მაცაბერიძე ხოშტარიას დაკავებაზე
კოალიცია “ცვლილების“ წევრი, შუშანა მაცაბერიძე, რომელიც ელენე ხოშტარიას დაკავების დროს მის გვერდით იმყოფებოდა, დაკავების დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ადამიანები, რომლებმაც ხოშტარია დააკავეს, სამოქალაქო ფორმაში იყვნენ, არანაირი მაიდენტიფიცირებელი არ ეცვათ.
მისი განმარტებით, დაკავებამდე ელენე ხოშტარია ელჩს შეხვდა, შეხვედრიდან წამოსვლის შემდეგ, საცხოვრებელ სახლთან კი “ჩასაფრება მოწუყვეს და დააკავეს“.
ელჩთან ვიყავით შეხვედრაზე, როგორც კი მოვბრუნდით, სადარბაზოსთან დავინახე, რომ ჩასაფრება იყო, ალბათ, უკან მანქანაც მოგვყვებოდა, რომელსაც მერე გადასცეს, რომ მოვედით, სადარბაზოში შევედით, ლიფტთან მივედით და ერთი კაცი იყო და 2 ქალი დაგვადგა თავზე, ჩართული კამერებით. სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები, არანაირი მაიდენტიფიცირებელი არ ეცვათ, ამიტომ, ზუსტად არ ვიცით, სუს-ს ჰყავს წაყვანილი, კრიმპოლს. საპატრულო არ იყო, რადგან ფორმა არ ეცვათ. გაგავაჩერეს, გამოიყვანეს ელენე და წაიყვანეს, რომ ვკითხეთ, სად მიჰყავდათ, პასუხი იყოს სტანდარტული - გეტყვით, გეტყვით. ელენე თავისი ფეხით გაჰყვა, რადგან მან გააზრებულად სოლიდარობა გამოხატა იმ სიგიჟის მიმართ, რაც გამოხატეს მეგი დიასამიძის წინააღმდეგ. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შეგვიძლია განვიხილოთ, ანუ, ყველაფერს მოცილებულები არიან. ამათთვის კანონი არ არსებობს, წერენ რაღაცებს, მერე კი ცდილობენ შემოგვტენონ კანონად, შემდეგ კი ყოველ ჯერზე იღებენ პასუხს, რომ მათი დაწერილი სიტყვები ვერ იქცევა კანონად ქვეყანაში, - განაცხადა მაცაბერიძემ.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია დააკავეს. სამართალდამცავებმა ხოშტარია მის სახლთან აიყვანეს.
- კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერის, ელენე ხოშტარიას კალაძის საარჩევნო ბანერების დაზიანებას ედავებიან. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის დაწყებული.
- შსს-ს ცნობით, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.