სასწავლო წელი ძველი პრობლემებით - "ოცნებამ" უფასო კვების საკითხი წელსაც ვერ მოაგვარა
საჯარო სკოლის ათასობით მოსწავლისთვის დღეს პირველი ზარი მათ სკოლებში არ დაირეკა. რემონტის გამო დახურული, ან დანგრეული სკოლები არც წელს ააშენეს და გაარემონტეს. მოსწავლეები ჩანთებით და წიგნებით ვაზისუბანში 157-ე სკოლის დაკეტილ კართან იდგნენ. უკვე ორი წელია სკოლაში რემონტს ელოდებიან, თუმცა სარემონტო სამუშაოები არცკი დაწყებულა. ათასზე მეტი მოსწავლე სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს, გაკვეთილები დღის მეორე ნახევარში ან ონლაინ უტარდებათ.
ორი წელია განათლების სამინისტრო ვერ ჩამოყალიბდა სკოლა ავარიულია და უნდა დაინგრეს, თუ უნდა გარემონტდეს. სკოლა ავარიულობის გამო დახურეს, მაგრამ ამავე შენობაში საარჩევნო უბანი გახსნეს, ჩნდება კითხვა თუ შენობა საშიშია, მაშინ როგორ უნდა შეუშვან იქ 4 ოქტომბერს ამომრჩევლები. პედაგოგები და მშობლები ფიქრობენ, რომ სკოლის ტერიტორია სინამდვილეში კორპუსების ასაშენებლად სჭირდებათ.
ათი ათასობით მოსწავლე ახალ სასწავლო წელს, დღეს, ძველი პრობლემებით შეხვდა, "ქართულმა ოცნებამ" ისევ ვერ მოაგვარა უფასო კვების პრობლემა. იმ დროს, როდესაც კობახიძის აღიარებით წელიწადში გაბერილი შტატების გამო 700 მილიონი იფლანგებოდა ბავშვების უფასო კვებისთვის სკოლაში თანხას ისევ არ გამოყოფენ. "ძლიერი საქართველო" მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ბავშვების კვებისთვის ფული თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.