კაცი, რომელიც 2 მლრდ ლარის გათეთრების საქმეზე დააკავეს, დაჯარიმებული არ ყოფილა
დიდი ფულის გათეთრების საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ირკვევა, რომ კომპანია „ფინი“, რომლის დირექტორიც მძიმე დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, შავი ფულის საქმეზე დაჯარიმებული არ ყოფილა.
ამ ფონზე ჩნდება კითხვა - რა ნაბიჯებს დგამდა ეროვნული ბანკი სქემის გასაშიფრად. „პირველების“ მიერ დასმულ შეკითხვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ არ უპასუხა.
"დაურეკეთ პიარს"- გვითხრა სებ-ის ხელმღვანელმა.
"პირველების" ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, ოთარ შამუგიასაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ პროკურატურას საბჭოს წევრები არ გამოუკითხავს.
„პირველებმა“ დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.
"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.
აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.