ვინ მფარველობდა ფულის გათეთრებას?

17.09.25 18:57
ვინ მფარველობდა ფულის გათეთრებას?

ვინ მფარველობდა ფულის გათეთრებას? - ექსპერტები თვლიან, რომ ფულის გათეთრების სკანდალზე პასუხისმგებელი შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, საბაჟო სამსახური და სუს-ია.

მათი თქმით, შეუძლებელია ამ ოდენობის შავი ფული საქართველოში შეუმჩნევლად შემოტანით. 

  • პროკურატურა ამტკიცებს, რომ დიდი ფული მანქანის სამალავებით შემოდიოდა. 625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო თითქმის შვიდი ტონაა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული თანხა ქვეყანაში რუბლების სახით შემოდიოდა და ამბობენ, რომ დასახელებულ 4 უწყებას ევალება გამოძიება. 

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილის განცხადებით, 625 მილიონი დოლარი და 35 მილიონი ევრო საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ია და ძნელად დასაჯერებელია, რომ ამ საქმეს ე.წ. კრიშა არ ჰყავდა. 

თავისთავად მასშტაბი ამ აფიორის, როგორც ეძახიან, თაღლითობის მართლაც ძალიან შთამბეჭდავია. მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2%-ი ყოფილა ფაქტიურად. ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა სუს-ის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხვირწინ ფაქტიურად და ამაზე რეაგირება არ ხდება. რა თქმა უნდა, კონსპირაციულ თეორიებში თუ გადავალთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამას ვიღაც "სახურავი" ყავდა," - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა. 

სავაჭრო ცენტრ "თბილისი ცენტრალის" დირექტორი, ლევან ყარალაშვილი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ეს თანხა გახდა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და კურსის სტაბილურობის გარანტი.

იყო ეგეთი ცნება, რომ ბაზარს აკონტროლებს ბაზრის უხილავი ხელი. ანუ ამ ბაზრის უხილავი ხელი შეიძლება ითქვას, რომ ეს კაცი ყოფილა იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, რომ 700 მილიონი დოლარი ჰაერში რომ გაჩნდეს გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი ყოფილა მსგავსი ორიგინალური ადამიანი. 

ვფიქრობ, ის კი არ უნდა დაიჭირონ ბიზნეს სკოლაში უნდა მივიწვიოთ და ლექციები წავაკითხოთ. 

კი, სავალუტო პოლიტიკა, კურსის სტაბილურობა - ფაქტიურად იკვეთება, რომ შავ ფულზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული, რომელიც ქვეყანაში შემოდის მანქანის საბარგულით და შემდეგ ქართულ ეკონომიკაში ესხმევა მყარი ვალუტის სახით, მშვენიერია," - ამბობს ლევან ყარალაშვილი. 

ცნობისთვის, "პირველებმა" დაადგინა კომპანია, რომლის შეფიც ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. კომპანია "ფინის" 49 წლის მფლობელს, კახა კოტორაშვილს პროკურატურა 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება.

"პირველებისთვის" ასევე ცნობილი ხდება, რომ გამოძიება დაკავებულის მხრიდან იმ ადამიანების გვარების დასახელებას ელოდება, ვისაც მისთვის მილიონები გასათეთრებლად მიჰქონდა. ირკვევა, რომ დაკავებული და მისი კომპანია გამოიყენეს ამ სქემისთვის, ხოლო მილიარდ ლარზე მეტი თანხა სხვას ეკუთვნოდა.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებას დაკავებულის ინიციალებიც კი არ გაუსაჯაროვებია. არ გავრცელებულა არც დაკავების კადრები.