შალვა ბედოიძის გვარი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში - რა კავშირები ჰქონდა გომელაურის პირველ მოადგილეს ფარცხალაძესთან?

18.09.25 15:41
შალვა ბედოიძის გვარი ჯანგველაძის მკვლელობის საქმეში - რა კავშირები ჰქონდა გომელაურის პირველ მოადგილეს ფარცხალაძესთან?

შალვა ბედოიძის გვარი "კანონიერი ქურდის" ძმის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში - ლევან ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე ამბობს, რომ შსს-ს მაშინდელი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილესთან დაკავშირებით უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, რომ სწორედ ის, თავისი ქმედებებით "მონაწილეობდა დანაშაულის ჩაფარცხვაში".

კაკაბაძის თქმით, ბედოიძე ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირია, ამიტომ ახლა უნდა დადგინდეს, რა კავშირი ჰონდა გომელაურის პირველ მოადგილეს ჯანგველაძის მკვლელობის ფარგლებში პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირებთან და რამდენად შეუწყო მან ხელი, თავისი უმოქმედობით, დანაშაულის მომზადებას.

ადვოკატი იხსენებს ბიზნესმენის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე სასტუმრო "ამბასადორთან" მოხდარ ინციდენტს, როდესაც მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა გელა უძილაურმა სასტუმროს ავტომობილს ესროლა. კაკაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად 112-ში განხორციელებული ზარისა, მაშინ აღნიშნულ ფაქტს შსს-ს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია - "უძილაურმა ამბასადორთან მაშინ გასროლა განახორციელა იმისათვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას ნამდვილად მფარველობდნენ".

სუს-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა არაფერი გააკეთა, რათა მოხმდარიყო აღნიშნული დანაშაულის პრევენცია. აქვე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ პირებთან იყო დაახლოებული შსს-ს პირველი მოადგილე, ბატონი შალვა ბედოიძე, რომელიც თავისი ქმედებებით მონაწილეობდა აღნიშნული დანაშაულის ჩაფარცხვაში და დანაშაულის მომზადებაში. თავისი უმოქმედობით, მან ხელი არ შეუშალა დანაშაულის ჩადენას და რა თქმა უნდა აღნიშნულთან დაკავშირებითაც არაფერია გაკეთებული, რათა გაირკვეს, რომ ამ ადამიანებს რა კავშირი ჰქოდნათ თუნდაც ოთარ ფარცხალაძესთან, თუნდაც პასუხისგებაში მიცემულ სხვა პირებთან და უნდა დადგინდეს, რეალურად, რამდენად შეუწყვეს თუ არა ხელი, თავისი უმოქმედობით ამ დანაშაული მომზადებას. ბედოიძე არის ოთარ ფარცხალაძესთან დაახლოებული პირი.

ასევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ ის კურირებდა ძალიან ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებულ იყოს ლევან ჯანგველაძის მკვლელობასთან. მათ შორის ამბასადორის ეპიზოდზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მაშინ, როდესაც ამბასადორის დაცვის თანამშრომლებმა შეატყობინეს შსს-ს იმასთან დაკავშირებით, რომ გასროლა განხორციელდა ამბასადორის კუთვნილ მანქანაზე, მაშინ როდესაც ამბასადორში იმყოფებოდა ლევან ჯანგველაძე, არანაირი რეაგირება არ მოყვა ამ ყველაფერს. გელა უძილაურმა გასროლა განახორციელა იმისათვის, რათა დარწმუნებულიყო, რომ მას ნამდვილად მფარველობდნენ და როდესაც, უკვე  რეაგირება არ მოხდა, ის დარწმუნდა იმაში, რომ მას მფარველოდბენ და ამის შემდეგ, ყოველგვარი ნიღბის გარეშე, კამერების თალწინ, ქალაქის ცენტრში, გელა უძილაური კლავს ლევან ჯანგევლაძეს", - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე. 

ჯანგველაძის ოჯახის ადვოკატი ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვას ითხოვს. ტარიელ კაკაბაძის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ პასუხი გასცეს იმ ყველა კითხვას, რაც საზოაგდოებაში ფარცხალაძესთან დაკავშირებით არსებობს.  

უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა მას ნამდვილად კონფლიქტი ლევან ჯანგევლაძესთან. რეალურად მან შეუკვეთა მკვლელობა? რეალურად მას ჰქონდა რაიმე მოტივი, განზრახვა, რომ აღნიშნული მკვლელობა მომხდარიყო? აუცილებელია გამოძების ჩატარებით, სხვადასხვა საპროცესო მოქმედებებით პასუხი გაეცეს ამ კითხვებს", - ამბობს ადვოკატი. 

  • ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

ასევე დანაშაულის იარაღის უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულია სანდრო წივწივაძე. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ყოფილი გენპროკურორის სახელმა და გვარმა არაერთხელ გაიჟღერა "კანონიერიქ ქურდის" ძის მკვლელობის საქმეში. 

  • პროკურატურამ ძმებ მიქაძეებს და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წარუდგინა;
  • გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვისთვის;
  • მამუკა ბაღდავაძეს ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება.
  • უწყება ამბობს, რომ ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

 მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა დაკავებულები - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

 

მსგავსი სიახლეები