პროკურატურა ზვიადაურის პატიმრობას ითხოვს- სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.
რაც შეეხება ზვიადაურს - ის დუმილის უფლებით სარგებლობს.
ცნობისთვის, ზურაბ ზვიადაური სამართალდამცავებმა 2025 წლის 16 სექტემბერს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარების ფაქტებზე ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს ბრალდება 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით წარუდგინა.
მუხლი 4-იდან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა 9X29მმ (.38 Special ) კალიბრის „WEBLEY SCOTT LTD” კონსტრუქციის №56577 რევოლვერი და მისთვის განკუთვნილი ექვსი ქარხნული წესით დამზადებულ, 9X29 კალიბრის ვაზნა, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა.