ვინ მფარველობდა ფალსიფიცირებული ვისკებით ვაჭრობას - დაკავებული 7 პირის, მათ შორის, გიორგი კანდელაკის სასამართლო პროცესი დაიწყო

19.09.25 12:04
ვინ მფარველობდა ფალსიფიცირებული ვისკებით ვაჭრობას - დაკავებული 7 პირის, მათ შორის, გიორგი კანდელაკის სასამართლო პროცესი დაიწყო

ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციოზო სიგარეტების წარმოება-რეალიზაციისთვის დაკავებული შვიდი პირი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს. 

დაკავებული 7 პირის, მათ შორის, ყოფილი მოკრივის, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკის და გორის საკრებულოს წევრის, ბორის გოგიჩაიშვილის სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა შვიდივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი საქმე გამოგონილია. 

სარგებლობს დუმილის უფლებით. თავს დამნაშავედ არ ცნობს და არც მტკიცებულებებია საქმეში. არანაირი მტკიცებულება მისი ბრალელობის შესახებ არ არის. მოწმე, ფაქტობრივად, არ არსებობს. ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენება არის, რომ თითქოს იცნობს ამ ადამიანს. ეგ იყო, რომელმაც ასევე დუმილის უფლებით ისარგებლა და თავს დამნაშავედ არ ცნობს. ეს იყო ადვოკატის მისვლამდე, სანამ ადვოკატები მივიდოდნენ. შეეზღუდათ დაცვის უფლება და დააწერინეს ისეთი რაღაცა, რომელიც ალბათ  დღეს გაჟღერდება მათ იერ და ვნახავთ, სინამდვილეში, არანაირი შეხება, არანაირი მტკიცებულება არ არის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ, - ამბობს დაკავებული  თენგიზ გულორდავას, ადვოკატი ზაალ დავითაია.

გიორგი კანდელაკის ინტერესების დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაკავებულების მიმართ არასაპატიმრო სასჯელი უნდა გამოიყენოს.  

ობიექტური სასამართლო განხივის პირობებში, სასამართლომ ყველა დაკავებული პირის მიმართ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არასაპატიმრო სასჯელი იქნას გამოყენებული, - ამბობს გაგი მოსიაშვილი. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გორში არალეგალური ალკოჰოლის ქარხანასთან და უაქციზო სიგარეტის საწყობთან კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა. სამართალდამცველებმა ამოიღეს 75 137 ბოთლი ალკოჰოლი და 318 000 კოლოფი სიგარეტი. დაკავებულებს შორის არიან ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკი და გორის საკრებულოს წევრი ბორის გოგიჩაიშვილი. გამოძიების ინფორმაციით, ფალსიფიცირებული სასმელები ტრაილერებით რუსეთშიც გაჰქონდათ. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე და 200-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე