"გასაგებია, რაც ხდება" - ადვოკატის ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვნის გათავისუფლების პარალელურად, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
შეიარაღებული ტიტუშკის გამოშვების პარალელურად, პოლიციამ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ლევან ჯობავას ადვოკატი ავრცელებს. საქმე ეხება აქტივისტს, რომელმაც აგრესიული მოზარდი თავად გადასცა პოლიციას.
როგორც ლევან ჯობავას ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, საქმე ძველი თბილისის რაიონულში გადამისამართდა და გამოძიება ძალადობის ფაქტზე დაიწყო. მისი თქმით, ეს ადასტურებს, რომ საქმე ხელოვნურად გადაიტანეს სხვა მიმართულებით.
უკვე დღევანდელი ინფორმაციით, დავით გრძელიძე დაკავებული არ არის არც ბრალი აქვს წარდგენილი. ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, ბრალდების მხარე ამბობს, რომ იარაღი პნევმატურია, გამოიძება მიმდინარეობს ისევ 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით, რაც დიდი ალბათობით დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდება.
თუმცა ამ მუხლის გარდა, გამოძიება მიმდინარეობს არა უკვე ქალაქის, არამედ ძვ. თბილისის რაიონულში ძალადობის მუხლით, გუშინდელი მოტივაცია ლევან ჯობავას წინააღმდეგ დასმული კითხვების ნაწილში, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საქმის გამომძიებლები სვამდნენ, გასაგები ხდება,- წერს ლევან ჯობავას ადვოკატი მარიამ ჯიქია.
აქციის მონაწილეებზე შეიარაღებული თავდასხმა 15 სექტემბერს მაშინ მოხდა, როცა ტრადიციულად საზმაუს მარში დედაქალაქის მთავარი გამზირისკენ მიემართებოდა. არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ დაპირისპირების მომენტში ერთ-ერთმა მოზარდმა იარაღის დემონსტრირება დაიწყო და ფაქტრობრივად, ხალხს ემუქრებოდა.
უკვე ცნობილია, რომ 16 წლის შეიარაღებული პირი იზოლატორიდან გაუშვეს. საქმეზე გამოკითხულია ლევან ჯობავაც. მისი თქმით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას დაუსვეს იმგვარი კითხვები, თითქოს ის თავად იყო "მოძალადე". აქტივისტი მომხდარსაც იხსენებს და ამბობს, რომ თავიდან პოლიცია შეეცადა, ისე გამოეყვანა, თითქოს იარაღი მისი იყო.