ე.წ. პირბადეების საქმე - ნინო ევგენიძეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

19.09.25 17:50
 ე.წ. პირბადეების საქმე - ნინო ევგენიძეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იკითხება

ე.წ. პირბადეების საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვები გრძელდება - ამ წუთებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ნინო ევგენიძეს უსვამენ კითხვებს.

საინტერესოა, რა ინფორმაციის მიღება სურთ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელისგან პროკურატურის გამომძიებლებს.

ზოგიერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეკითხებიან, რატომ გადარიცხეს თანხები საქველმოქმედო ფონდის ანგარიშებზე, რატომ იყიდეს საწვიმარი ლაბადები და რატომ  ყიდულობდნენ მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად პირბადეებს.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიც, როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, და მე როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  დაბარებული ვარ ამ რაღაც კომიკური პირბადეების საქმეზე, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ორგანიზაცია და ანგარიშები არ ყოფილა დაყადაღებული, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ  ადასტურებს, რომ აქ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ყბადაღებულ პირბადეს იყიდი თუ სხვა რამეს. ეს ჩვეულებრივად ფარსია და ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სამოქალაქო საზოგადოება დააშინონ და შეგვიწყვიტონ იმის საშუალება, რომ დავეხმაროთ საზოგადოებას, რასაც 23 წლის განმავლობაში ვაკეთებთ, - განაცხადა ნინო ევგენიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები დააყადაღა, მათ შორის ISFED-ის, IDFI-ისა და „საფარის“. უწყება ამ ორგანიზაციებს ადანაშაულებს აქციებისთვის აღჭურვილობის შეძენასა და დაკავებულების იურიდიულ დახმარებაში.

გამოძიება „ქართული ოცნების“ პროკურატურაში 2025 წლის თებერვალში დაიწყო და ეხება საბოტაჟსა და „უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას“.