"ახალი დირექტორი მუშაობას ტყუილით იწყებს" - გიორგი ჩიკვაიძე პენიტენციურს პასუხობს
"ტყუილია, რომ თითქოს, მე ვითხოვდი ხანმოკლე პაემანს სექტემბრის თვეში" - პატიმრობაში მყოფი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან წერილს აქვეყნებს და პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმიანება.
გიორგი ჩიკვაიძე წერს, რომ მე-8 პენიტენციური დაწესებულების "ახალი" დირექტორი რამაზ ფირცხალავა თავისი მუშაობის პირველივე დღეებს ტყუილით იწყებს. ჩიკვაიძის განმარტებით, რამაზ ფირცხალავა "ციხეში რეპრესიულ პოლიტიკას ამძიმებს".
მინდა გამოვეხმაურო პენიტენციური სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია შეშინებული რეჟიმის ცრუ პროპაგანდის; სასაცილო ტყუილია, რომ თითქოს, მე ვითხოვდი ხანმოკლე პაემანს სექტემბრის თვეში. ჩემი განცხადება დაწერილი იყო 1 ოქტომბრის პაემანთან დაკავშირებით. თუ ეს ასე არ არის, გამოაქვეყნონ ჩემს მიერ დაწერილი განცხადება და საზოგადოებამ თავად იხილოს, რომ ჯერ არდანიშნული მე-8 პენიტენციური დაწესებულების "ახალი" დირექტორი რამაზ ფირცხალავა თავისი მუშაობის პირველივე დღეებს იწყებს ტყუილით და მოშიმშილე პოლიტპატიმრის დისკრედიტაციით, ასევე აბუჩად აგდებით "1 კატლეტის" ისტორიით. თუ რაიმეს ვამატებ, მაშინ წარმოადგინოს პენიტენციურმა სამსახურმა 22 სექტემბრის ვიდეო ჩანაწერი 13:15-დან 13:30-მდე მონაკვეთში.
ასევე, მინდა მივმართო სინდისის პატიმრებს:
ჩემო ძმებო და მეგობრებო, ვიცი, რომ გულით განიცდით ჩემს მიერ შიმშილობის დაწყებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, ნუ მომიწოდებთ, რომ შევწყვიტო. ამას ვაკეთებ ჩვენთვის და ასევე, ამ დაწესებულებაში მყოფი სხვა პატიმრებისთვის. ფაქტი ერთია, რომ ეს ჯერ არდანიშნული კაცი მოსული არ არის და უკვე ამძიმებს ციხეში რეპრესიულ პოლიტიკას. მას ამის გამოცდილება აქვს წინა ხელისუფლების ავად სახსენებელი გლდანის ციხის დროიდან. ყველა დამეთანხმებით იმაში, რომ უმეტესობას ბადრაგებთან და ციხის თანამშრომლებთან გვაქვს ადამიანური და კანონის ფარგლებში მეგობრული ურთიერთობა. მათი კეთილგანწყობა აუცილებლად აღსანიშნავია. ამიტომ, არავის არ უნდა მივცეთ ამ ბალანსის დარღვევის უფლება საწყის ეტაპზევე. ამითი არის გამოწვეული პროტესტის ის რადიკალური ფორმა, რასაც მივმართავ. ფაქტია, რომ იუსტიციის სამინისტროსა და ძალადიბრივ რეჟიმს მალე დაავიწყდათ, რამ გადაიყოლა წინა ხელისუფლება.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!
ძალადობრივი რეჟიმი ძალიან მალე დაემხობა!" - წერს გიორგი ჩიკვაიძე.
- ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე მიმდინარე წლის მარტში დააკავეს. “ბიზნესმენს პროკურატურა ედავებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რაც მითვისება-გაფლანგვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა 23 სექტემბერს დაიწყო.
ცნობისთვის, ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის დედამ, ეკა წერეთელმა განაცხადა, რომ მის შვილს მშობლებთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ. ოჯახი ფაქტს ჩიკვაიძის მიერ "TV პირველთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუს უკავშირებს, სადაც ის საუბრობს საქართველოში რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შექმნილ ქოლ-ცენტრებზე.
ასევე იხილეთ: