ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ - მოკლული ქალის ადვოკატი

18.10.21 15:24
ბედნიერი იყო, რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ - მოკლული ქალის ადვოკატი

თბილისის ცენტრში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ "ტვ პირველმა" ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. ანასტასია შატალოვას ადვოკატი, ლალი ბიბილეიშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც შატალოვამ შვილის ბიოლოგიურ მამას სამართლებრივი დავა მოუგო, ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ურთიერთობა დაულაგდა. 

ზურაბ ბერიძემ დედას შვილი დაუბრუნა, წყვილი კი საცხოვრებლად ერთად გადავიდა: 

ანასტასია შატალოვასთან ბოლო კომუნიკაცია, მიმდინარე წლის ივნისის თვეში მქონდა. მითხრა, რომ ის და ზურაბ ბერიძე შერიგდნენ და ბათუმში ერთად ცხოვრობდნენ. თბილისშიც ჰქონდათ ბინა ნაქირავები და სახლსაც იშენებდნენ"- ამბპბს ადვოკატი. 

ლალი ბიბილეიშვილი აღნიშნავს, რომ ბათუმის ყოფილ მაღალჩინოსანთან სამართლებრივი დავა მას შემდეგ დასრულდა, რაც ზურაბ ბერიძემ პირობა შეასრულა და 3 წლის შვილი დედას თბილისში ჩამოუყვანა:

რაც შეეხება საქმეს, ჩვენ ეს საქმე ბატონი ზურას დამსახურებითაც მოვიგეთ. მას შემდეგ, რაც საქმეში პრესა ჩავრიეთ, პირადად დამირეკა, მითხრა, რომ არ უნდოდა ბავშვები მძიმე მდგომარეობაში ყოფილიყვნენ და დამპირდა რომ მეორე დღეს ბავშვს ჩამოიყვანდა. დანაპირები შეასრულა და სამართლებრივი დავა ასე დასრულდა. ამის შემდეგ ანასტასია მირეკავდა, ბედნიერი იყო რომ ბავშვს მამა ჰყავდა და ერთად ცხოვრობდნენ"- აღნიშნავს ადვოკატი. 

თბილისის ცენტრში მოკლული 25 წლის ქალი ანასტასია შატალოვაა. 1 წლის წინ შატალოვა ამბობდა, რომ ზურაბ ბერიძე მას შვილი ნახვის უფლებას არ აძლევდა. 

ამ წუთებში სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში ჩხრეკას ატარებენ.