"ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული" - დარახველიძე

04.10.25 21:48
"ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული" - დარახველიძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქციის მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული.

მისი ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. 

მთელი დღის განმავლობაში, პროტესტის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი და გაეგრძელებინათ აქცია. შსს-მ აქციის მონაწილეების მიმართ გაავრცელა შესაბამისი მოწოდებაც, რომ შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონიერ ფარგლებს. 

მიუხედავად სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე შსს-ს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცველების კანონიერ მოწოდებებს. აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. 

აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები. ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე, პრეზიდენტის სასახლის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს, დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები. 

საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული. დაშავებულ თანამშრომლებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. 

მათ შესახებ ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით," - განაცხადა დარახველიძემ. 

მსგავსი სიახლეები