4 ოქტომბრის დაკავებულ ორგანიზატორებს ადვოკატები ხვდებიან - რას ამბობენ ინტერესების დამცველები
4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებთან შესახვედრად დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატები მივიდნენ. ინტერესების დამცველებს სურთ, გამომძიებლებისგან მოისმინონ, რა მტკიცებულებები მოიპოვა პროკურატურამ და შსს-მ.
სუსის გუშინდელი განცხადების შემდეგ ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის წინააღმდეგ, მათივე თქმით, შეკერილ საქმეში საბრძოლო მასალაც გაჩნდეს და საქმე სულ სხვა მიმართულებით წავიდეს.
ირაკლი აბესაძე ფიქრობს, რომ სასჯელი ივანიშვილის გუნდში უკვე განსაზღვრული აქვთ.
როდესაც რუსული ავტორიტარული რეჟიმი ცდილობს, დაგაბრალოს დამხობის მცდელობა, ეს მისთვის არის მისთვის პატივი და ამ ბრალთან დაკავშირებით, ამ თვალსაზრისით ის არ სცნობს თავს დამნაშავედ. 12-13 წელია ჩვენ გვესმის გადატრიალებაზე, ხან საბურავები გროვდებოდა, ხან ცეცხლსასროლი იარაღი. თავადაც არ ამტკიცებენ, რომ ვინმემ ცეცხლსასროლ იარაღს ხელი მოკიდა თუნდაც სადმე, სხვა უბანში, ან სხვა ქალაქში ხელში ეჭირა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ბევრი საეჭვო გარემოებაა. ძალიან ბევრი საეჭვო და აშკარად ფალსიფიცირებული ინფორმაცია მოვისმინეთ.
არათუ არ გამოვრიცხავთ, თავად თქვეს, რომ თითქოს იარაღის გამოყენება უნდა მომხდარიყო, ამიტომ არ ვიცი. კიდევ ვიმეორებ, დაუკავშირებენ თუ არ დაუკავშირებენ, ამ ადამიანებისთვის არაფერი შეიცვლება. ამ ადამიანებისთვის სასჯელი უკვე განსაზღვრულია, განსაზღვრულია ვიღაცის კაბინეტში, ნანახი აქვს უკვე ივანიშვილს და ნათქვამი აქვს, რომ ეს კარგია და ასე უნდა მოხდეს და ასე ხდება სისხლის სამართლის საქმეების შეკერვა, - ამბობს ირაკლი აბესაძე.
კიდევ ერთი ადვოკატი ლევან ყველაშვილი ამბობს, რომ საქმეზე საუარს მას შემდეგ შეძლებს, რაც საქმის მასალებს გაეცნობა.
ამ ეტაპზე ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ის მუხლები, რომლებიც ზეპირსიტყვიერად არის გაჟღერებული, ჯერჯერობით მაინც ველოდებით ბრალის დადგენილებას, კონკრეტულად რა მუხლები იქნება გამოყენებული. ჩამონათვალში, რაც ზეპირსიტყვიერად გავრცელდა, საკმაოდ ბევრი მუხლია. აქედან გამომდინარე, მაინც ველოდებით ბრალის ოფიციალურად დადგენილებას. წესით დღეს უნდა გადმოგვეცეს. ჯერჯერობით არც მტკიცებულებები ვიცი, არც საქმის მასალა არ მაქვს, - ლევან ყველაშვილი.
ასევე ცნობილია, რომ დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღესვე გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებს, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარედგინათ. მათ გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ედავება.
საგამოძიებო უწყების ცნობით, ყველა მათგანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.