სუს-ის მტკიცებით, აღმოაჩინეს საბრძოლო მასალა, "რომლითაც 4 ოქტომბერს დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო"
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ირწმუნებიან, რომ თბილისთან ახლოს, ტყის მასივში, აღმოჩენილია საბრძოლო მასალა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, რომელის გამოყენებითაც მდინარაძის უწყების მტკიცებით, გუშინ, 4 ოქტომბერს "დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო".
როგორც სუს- ში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ბ.ჭ -მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
სუს-ის მაღალჩინოსნის თქმით, გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც გამოძიების ინფორმაციით, "სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ".
ამასთან, ლაშა მაღრაძის თქმით, სუს-ის შენობაში გადაყვანილია პირი, რომელმაც ბ.ჭ-ს დავალებით, "დეტონატორის პულტი დაამზადა".
რაც შეეხება ბ.ჭ-ს, სუს-ის ვერსიით, ის ქვეყნაში არ იმყოფება, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი კი გამოძიების ხელში აღმოჩნდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, დეტონატორით.
საქმის მასალების თანახმად უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქე ბ.ჭ.-მ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები.
ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, აღნიშნული საბრძოლო მასალის გამოყენებით, თბილისში 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალერულად დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო.
სუს-ის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ, სპეციალურ სამალავში აღმოჩენილი ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები გადამალული იყო თბილისის მახლობლად, ტყის მასივში.
ჩვენს მიერ, ასევე, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც ბ.ჭ.-ს შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო დეტონატორის მოქმედებაში მოყვანა. ის უკვე მიყვანილია უსაფრთხოების სამსახურში და მასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემულია ბ.ჭ. და მის მიმართ გამოცხადდება ძებნა. დღეს, გამთენიისას ჩატარდა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, საიდანაც ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტელეფონი, რომელსაც ის საქართველოში ყოფნის დროს იყენებდა. ტელეფონის დათვალიერების შედეგად ამოღებულია ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, რამდენიმე ვიდეოჩანაწერი, სადაც ბ.ჭ. გამოძიებით ჯერ-ჯერობით დაუდგენელ პირს აჩვენებს მის მიერ შეძენილ იარაღებს, საბრძოლო მასალას და აბარებს ერთგვარ ანგარიშს აღნიშნულთან დაკავშირებით.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით. ინტენსიურად ტარდება ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულთან კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და სუს-ის ხელმძღვანელების სახელით მადლობას გადავუხდი შსს-ს, პროკურატურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ჩატარებულ ღონისძიებებში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისა და გუშინდელი დღის განმავლობაში, არსებული საფრთხეების უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტით აცილებისთვის. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს გამოჩენილი სიმამაცისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის," - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.