ხმაური ზუგდიდში - შსს-მ საქმის წარმოება დაიწყო
მას შემდეგ, რაც "TV პირველის" ეთერში გავიდა ამბავი, სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფზე ლაშა გვასალიაზე, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქტივისტებს და ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება დაიწყო.
შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარეს აქტივისტი და "დროას" წევრი მარიამ სიჭინავა და აქტივისტი კერენ ესებუა.
მათ ძალოვან უწყებას განუმარტეს ის ფაქტები, რასაც შეესწრნენ და მოითხოვეს შესაბამისი ზომების მიღება, დაისაჯოს ლაშა გვასალია, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ავტომობილს და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მათ.
სიჭინავამ და ესებუამ რამდენიმე საათი დაჰყვეს საგამოძიებო უწყებაში. აქტივისტების თქმით, იმის იმედი რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო რაიმე ზომებს გაატარებს გვასალიას წინააღმდეგ, არ აქვთ.
- ცნობისთვის, სამეგრელოს რწმუნებულის ადმინისტრაციის შეფი გუშინ ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, გვასალია არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და სავარაუდოდ, ავტომობილსაც ნასვამი მართავდა.