გამიტყდა, რომ ღარიბაშვილმა ამბავი გააფუჭა... ათონის მთაზეც რომ ვერ წავა - ზურა ჯაფარიძე

29.10.25 17:29
გამიტყდა, რომ ღარიბაშვილმა ამბავი გააფუჭა... ათონის მთაზეც რომ ვერ წავა - ზურა ჯაფარიძე

"გირჩი მეტი თავისუფლების" დაკავებული ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაზე ყოფნას რუსთავის ციხიდან ეხმაურება.

ჯაფარიძის წერილს უცვლელად გთავაზობთ: 

ღარიბაშვილზე, გირაო რატომ შეუფარდეს, რატომ არ ჩასვესო. მე კიდევ, სრულად დარწმუნებული ველოდი, რომ პროცესის შემდეგ დადგებოდა ჟურნალისტებთან და იტყოდა რაღაც ასეთს: 
,,ის, რომ მე, ყოფილ პრემიერს მიწევს დღეს სასამართლოში სიარული და ჩემს წინააღმდეგ არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული უკანონო შემოსავლების თაობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშილი არ შეეგუება პატარა გადაცდომასაც კი, როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესებს. ეს არის ბ-ნი ბიძინას და ქართული ოცნების ხელწერა, რისთვისაც მე მინდა კიდევ ერთხელ მას დიდი მადლობა გადავუხადო!”
და რომ არ ქნა, გამიტყდა. გააფუჭა ამბავი. კარგი ფილმი რომ უცებ გაბანალურდება, ეგ გააკეთა. 
ათონის მთაზეც რომ ვერ წავა…"- წერს წერილში ზურა ჯაფარიძე. 

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.