საპატრიარქო: ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა - ამის შესახებ განცხადებას საპატრიარქო ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი.
კომისია პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდა, რომ არქიმანდრიტი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.
განჩინებაში ნათქვამია, რომ "სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო" დაეკისრა.
კომისიის წევრებმა ასევე არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს სასულიერო პირის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც განჩინებაში თავი მოუყარეს.
კომისიის სხდომას ესწრებოდნენ:
- 1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე
- 2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
- 3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) - კომისიის მდივანი
- 4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)
- 5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.