პროკურატურამ „ფაშისტურ-ნაცისტური“ დაჯგუფების ლიდერს არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინა

25.09.26 20:34
პროკურატურამ „ფაშისტურ-ნაცისტური“ დაჯგუფების ლიდერს არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებისთვის ბრალი წარუდგინა

თბილისის პროკურატურის არასრულწლოვანთა საქმეთა სამმართველომ „ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება ჯგუფის მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებას, არაადამიანურ მოპყრობასა და ცივი იარაღის ტარებას.

„ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების წევრები, თავიანთი იდეოლოგიიდან გამომდინარე, მათთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვანების მიმართ, ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, რომელშიც თავადვე მონაწილეობდნენ. ისინი დაჯგუფების ლიდერის მითითებით და დავალებით, მათგან განსხვავებული შეხედულებების მქონე პირთა გამოვლენის და დასჯის მიზნით, შეუწყნარებლობის მოტივით, წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ორგანიზებულად და ჯგუფურად ესხმოდნენ თავს, ამცირებდნენ, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ მათზე. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ამსახველ ვიდეოებს იღებდნენ და ჩანაწერებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებსა და დახურულ ჯგუფებში ავრცელებდნენ.
„სამართალდამცველებმა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ლიდერი 24 სექტემბერს დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცივი იარაღი.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (არაადამიანური მოპყრობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და ჯგუფურად), 25,144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად, არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება) და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.