"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

29.10.25 18:42
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

 

"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ გამოაცხადა. 

დღევანდელ პროცესზე ელდარ (ლუკა) კურტანიძე კვლავ ოჯახის ისტორიას ყვებოდა. მისი თქმით, მან ყოფილ ცოლზე ნამდვილად იძალადა, თუმცა ამის გაკეთება დაზარალებულმა ქალმა აიძულა. "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ამტკიცებდა, რომ ყოფილმა ცოლმა მას სახლ-კარი წაართვა და არ იცოდა რომ იქ შესვლის უფლება არ ჰქონდა. 

ჩვენი პოზიცია არის, რომ ძირითადი მტკიცებულებები პროკურატურის უდავოდ ვცანით, ერთ ნაწილში ვაღიარებთ ბრალს, დანარჩენ სამ მუხლს არ ვეთანხმებით, გვაქვს ჩვენი არგუმენტები, მათ შორის იმ ნაწილშიც, რაც გულისხმობს ძალადობას. ელდარ კურტანიძის პოზიცია არის, რომ აიღოს თავისი პასუხისმგებლობა. ექსპერტის დასკვნა არსებობს, სადაც ქალბატონ ხათუნას არ დასჭირდა სამედიცინო ჩარევა ადგილზე და ექსპერტის დასკვნა არის, რომ დაზიანება არის მსუბუქი ჯანმრთელობის მუხლით. 

იყო უბრალოდ გაწევ-გამოწევა, შეეხო ხელით, რომ დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი," - ამბობს ელდარ კურტანიძის ადვოკატი, ივანე მეფარიშვილი. 

მომდევნო სასამართლო სხდომა 13 ნოემბერს ჩაინიშნა. 

შეგახსენებთ, რომ ჭიდაობის ფედერაციის ექს პრეზიდენტი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ყოფილ მეუღლეს ქობულეთში მდებარე სახლში  შეუვარდა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. ხათუნა მიქაცაძეს დაზიანებები მთელს სხეულზე აღენიშნება.

კურტანიძეს ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით წარედგინა. აღნიშნული ქმედება 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ ბრალდებებს კიდევ ახალი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. 

მსგავსი სიახლეები