"მე ამბიონი წამართვეს" - მამა დოროთე (ყურაშვილი)
"ამბიონი წამართვეს, მაგრამ იმათ მაინც აწუხებდათ, რომ მე ამბიონიდან ვქადაგებდი" - ამის შესახებ არქიმანდრიტმა დოროთე ყურაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით ის პატრიარქს არ დაუსჯია.
მე ბეთლემის წინამძღვრობიდან გადაყვანა, ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. მე პატრიარქთან რომ ვყოფილიყავი, ამის გამო, როდესაც წალკის მონასტრების წინამძღვარი ვიყავი და მოხდა ისე, რომ სხვა ეპისკოპოსს ჩამაბარეს და პატრიარქის დაქვემდებარება გამიუქმეს, მე თვითონ გადავდექი წინა მონასტრის წინამძღვრობიდან, რასაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაც კი შეეწირა, მაგრამ მე სხვანაირად არ4 შემეძლო. მინდოდა პატრიარქთან ვყოფილიყავი და ამიტომ პატრიარქთან ჩამოვედი და ვუთხარი, არ მინდა წინამძღვრობა, თქვენთან მონასტერში, სამებაში გამომიყვანეთ, ვიქნები მორჩილად. ეს მე გაკეთებული მაქ, რომ პატრიარქთან ვყოფილიყავი და დღესაც იგივე მოხდა.
პატრიარქს მე არ დავუსჯივარ. განგიმარტავთ, რომ მღვდლის დასჯა, ეს შიდა დასჯად შეიძლება ჩაითვალოს - წინამძღვრობიდან გადაყენება, მაგრამ ეს როგორც მღვდლის დასჯა არ არის ეს სასჯელი. სასჯელი ის არის, რომ მე ჩემი მღვდლობით ვცხოვრობ და შეიძლება ის მცირედი შემოსავალი, რომელიც ტაძარში მქონდა და ტაძრიდან მქონდა, ეს არ მექნება, მეორე, ის არ მექნება, რომ ამბიონი წამართვეს, მაგრამ იმათ მაინც აწუხებდათ, რომ მე ამბიონიდან ვქადაგებდი. ერთ-ერთი ეგ იყო, მაგრამ უფრო ჩემი მღვდლობის შეჩერება უნდოდათ, მაგრამ ამბიონი... აგერ ტელევიზიები მპატიჟებენ, Facebook-იც მაქვს და ის იქნება ჩემი ამბიონი, რუსთაველზე თავისთავად გავაგრძელებ," - განაცხადა მამა დოროთემ.
საპატრიარქოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გაიზიარა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.
დღეს, დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გახდა ცნობილი.
კომისია პატრიარქს, ილია მეორეს მიმართავდა, რომ არქიმანდრიტი გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში.
განჩინებაში ნათქვამია, რომ "სასჯელი არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო" დაეკისრა.
კომისიის წევრებმა ასევე არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს სასულიერო პირის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რომლებსაც განჩინებაში თავი მოუყარეს.