რის საფუძველზე გაათავისუფლეს ბორის გოგიჩაიშვილი - ადვოკატის კომენტარი
ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატი, რომლის დაცვის ქვეშ მყოფიც გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებს, "პირველებთან" საუბარში ამტკიცებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო იქნა მიღებული. თამარ კუჭავა ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხელმეორედ გამოიკითხა, თუმცა ამბობს, რომ სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრეს.
მას შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, რომელიც არის მათ შორის აღკვეთის ღონისძების გადახედვის და შეცვლის საფუძველი. უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ პირობებშია ახლა ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი.
გამოიკითხა გამოძიების ფარგლებში, ორჯერ. დამატებით კითხვებს უპასუხა გამოძიებას. მე არ მაქვს შეთანხმებული პოზიცია ბატონ ბორისთან, რომ საქმის დეტალებზე საჯაროდ ვისაუბრო, შესაბამისად, მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.
"პირველების" კითხვაზე, დაასახელა თუ არა გოგიჩაიშვილმა კონკრეტული მაღალჩინოსნები, ადვოკატი უარით პასუხობს. ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამოძებისთვის არ მიუწოდებია ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, სხვა პირის დევნის საფუძველი შეიძლება, გამხდარიყო.
დეტალებს ვერ მოგახსენებთ. მე ვუყურე თქვენ სიუჟეტს და თქვენ გაქვთ სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩვენთვის გაუგებარი წყაროებიდან მოპოვებული. მას არაფერი ინფორმაცია არ მიუწოდებია გამოძიებისთვის, რაც შესაძლოა, გამხდარიყო სხვა პირის დევნის საფუძველი. ეს შემიძლია, გითხრათ მხოლოდ, - ამბობს ადვოკატი.
ალკოჰოლის და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ფაქტზე დაკავებული ბორია გოგიჩაიშვილი თავისუფალია. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე შუამდგობლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.
არსებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ხელბორკილები სწორედ "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატის ჩვენების საფუძველზე დაადეს, მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ კი ის ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს.
- პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძეს, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქალაქ გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის დამზადებასა და შენახვას.
ვლადიმერ ხუნდაძემ პოსტი ორი თვის წინ დატოვა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
დაკავებულია მისი ძმა კობა ხუნდაძეც, "პირელების" ინფორმაციით, ის საქართველოს რკინგზის იურიდიული სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა, პარალელურად კი სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა - არის სამშენებლო კომპანია „დაგი ბილდინგის“ 100%-იანი წილის მფლობელი.
პროკურატურის ინფორმაციით, წლების განმავლობაში, კობა ხუნდაძე უკანონო შემოსავლებს იღებდა, ამ ფულით კი მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა და სამშენებლო ბიზნესი შექმნა.
- საქმის მასალების თანახმად, 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი ამოიღეს.